სევილია სპორტინგის პირობებს დათანხმდა? - მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
„სევილიასთან“ დაახლოებული ანდალუსიური გამოცემა elpespunte-ი გიორგი ქოჩორაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ქართველი ფეხბურთელის დამატების მიზეზებს დელაურად განიხილავს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრანსფერი ამ დრომდე „სპორტინგის“ პოზიციების გამო ჭიანურდება და მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. თუმცა, მოლაპარაკებები გრძელდება და „სევილია“ ყველაფერს აკეთებს, რომ ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დახუროს.
რა წერია სტატიაში:
„სევილია“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის დასრულებას აჩქარებს და მიზნად ისახავს, გარიგება ამ კვირაშივე დაიხუროს. ანდალუსიური კლუბი შეთანხმების მისაღწევად პორტუგალიის „სპორტინგთან“ უკვე ერთ კვირაზე მეტია მუშაობს და ბოლო საათებში მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად წავიდა წინ. ჯერ ყველაფერი 100%-ით არ არის გადაწყვეტილი, თუმცა მხარეებს შორის ოპტიმიზმია და მოლაპარაკების პროცესი მოწინავე ფაზაშია.
ქართველი ნახევარმცველი სპორტული დირექციის მიერ შერჩეულ იმ მოთამაშეთა სიაშია, რომლებმაც შემადგენლობა უნდა გააძლიერონ, რადგან გუნდს ნახევარდაცვის ხაზში ძალების დამატება ესაჭიროება. ქოჩორაშვილი „ჯენოაში“ გადასული ჯიბრილ სოუს მიერ დატოვებული ადგილის დასაკავებლადაა შერჩეული და „სევილია“ კვლავ გააქტიურდა, რათა მისი ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ნერვიონელთა მიზანია, ლუის გარსია პლასამ ახალი ფეხბურთელის გამოყენება „სან მამესზე“, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გასამართ უახლოეს მატჩშივე შეძლოს.
ამ დღეების განმავლობაში მთავარ დაბრკოლებას პორტუგალიის „სპორტინგთან“ შეთანხმების დასასრულებლად საბოლოო ფორმულის მოძებნა წარმოადგენს. ლისაბონურ კლუბს მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი იმ 5,5 მილიონი ევროს დაბრუნება, რომელიც თავის დროზე ფეხბურთელში გადაიხადა.
თავის მხრივ, „სევილიამ“ თავდაპირველად იჯარის ვარიანტი წამოაყენა - გამოსყიდვის უფლებით ან სავალდებულო გამოსყიდვის პირობით, რაც კონკრეტული მიზნების მიღწევაზე იქნებოდა დამოკიდებული. ახლა კი სევილიური კლუბი უფრო მეტად არის დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის დასამატებლად სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელოს.
შექმნილი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. „სპორტინგის“ გეგმებში ქოჩორაშვილი არ შედის და ფეხბურთელი პორტუგალიის ლიგის პირველ ორ მატჩში განაცხადში არ ყოფილა. გარდა ამისა, თავად მოთამაშეც დადებითად უყურებს ესპანეთში დაბრუნების შესაძლებლობას და მხოლოდ იმასღა ელოდება, თუ როდის განაცხადებენ კლუბები ტრანსფერზე საბოლოო თანხმობას. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ქართველი სევილიაში გასამგზავრებლად მომზადებას შეძლებს, რათა გუნდში ჩარიცხვის ბოლო ფორმალობები დაასრულოს.
ნერვიონში მიიჩნევენ, რომ შეთანხმების მისაღწევად ყველა მხარეს თავისი მოტივი აქვს. „სპორტინგს“ სურს, ახალი გუნდი მოუძებნოს ფეხბურთელს, რომელიც მის გეგმებში არ შედის, ქოჩორაშვილი სევილიური პროექტითაა დაინტერესებული, თავად „სევილიას“ კი ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება ესაჭიროება. შესაბამისად, ვითარება ხელსაყრელი ჩანს საიმისოდ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს, თუმცა ტრანსფერის საბოლოოდ დახურვამდე ფინანსური და საკონტრაქტო დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.
ბოლო დროს მოთამაშეების გუნდიდან წასვლის ფონზე, ნახევარმცველების დამატების აუცილებლობა აშკარაა. სოუს გარდა, „სევილიამ“ გუდელი და ბატისტა მენდიც დაკარგა, რამაც ლუის გარსია პლასას ნახევარდაცვის ხაზის დასაკომპლექტებლად ნაკლები ალტერნატივა დაუტოვა. შექმნილი ვითარება კარგად გამოჩნდა „რაიო ვალეკანოსთან“ ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, როდესაც მწვრთნელს მოედნის ცენტრში მნიშვნელოვანი როლის შესასრულებლად ნიკო გილენის გამოყენება მოუწია, რომელიც სულ რაღაც 18 წლისაა და პრიმერა დივიზიონში თამაშის გამოცდილება არ გააჩნია.
სწორედ ამიტომ, ქოჩორაშვილის ტრანსფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუმცა ის შემადგენლობაში არსებული ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, შესაძლოა, საკმარისი არ აღმოჩნდეს. „სევილია“ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას განაგრძობს და აცნობიერებს, რომ გუნდისთვის სიღრმის მისანიჭებლად მეტი რესურსია საჭირო. მიუხედავად ამისა, კლუბის უახლოესი მიზანი ჯერ ამ გარიგების დახურვა და გარსია პლასასთვის ისეთი ფეხბურთელის მიყვანაა, რომელსაც ძალიან დასუსტებულ პოზიციაზე ალტერნატივების შექმნა შეეძლება.
უახლოესი საათები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. „სევილია“ მაქსიმალურად აქტიურობს, რათა „სპორტინგთან“ შეთანხმებამ საბოლოო სახე მიიღოს და სურს, რომ ქოჩორაშვილი მწვრთნელის განკარგულებაში რაც შეიძლება მალე აღმოჩნდეს. ფეხბურთელი გასამგზავრებლად „მწვანე შუქს“ ელოდება და, მართალია, ჯერ კიდევ სიფრთხილეა საჭირო, რადგან შეთანხმება 100%-ით არ დახურულა, არსებული ვითარება ოპტიმისტურია. „სევილიას“ სურს, რომ მისი მომდევნო შენაძენი სწორედ ქოჩორაშვილი გახდეს და ამ მიზნის მიმდინარე კვირაშივე მისაღწევად მუშაობს.
ცნობისთვის, პორტუგალიის ჩემპიონატი დაწყებულია და „სპორტინგმა“ ორი შეხვედრა გამართა. ქოჩორაშვილი განაცხადში არცერთ თამაშში ყოფილა და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ადგილსამყოფელს გამოიცვლის. ქართველ ფეხბურთელს „ლომებთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა.