Aa
Aa

ანრი შესაძლოა ბელგიის ნაკრებში დაბრუნდეს

ბრიტანული The Sun-ის ექსკლუზიური ინფორმაციით ტიერი ანრი შესაძლოა ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში დაბრუნდეს. 41 წლის სპეციალისტი „მონაკოში“ წასვლამდე სწორედ „წითელი ეშმაკების“ რიგებში მუშაობდა.

„არსენალის“ ლეგენდას ბელგიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა და მუნდიალზე მიღწეულ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„წითელი ეშმაკების“ თავკაცი, რობერტო მარტინესი, ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად ანრის დაბრუნების საკითხს აქტიურად განიხილავს. თუმცა ბრიტანული გამოცემის ცნობით ყველაფერი 41 წლის სპეციალისტზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ის მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ანრიმ სამწვრთნელო კარიერის აწყობა „მონაკოში“ სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ფრანგული კლუბის თავკაცის პოსტზე მან 104 დღე გაატარა და გუნდის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ანრის დამოძღვრილი „მონაკო“ საშინლად ასპარეზობდა და უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნის საფრთხის წინაშეც დადგა.

ლეგენდარული ფრანგი „მონაკოდან“ 20 შეხვედრის შემდეგ გაუშვეს და მისი ადგილი ლეონარდო ჟარდიმმა დაიკავა. ამ უკანასკნელმა სერიოზულ პროგრესს ვერ მიაღწია და „მონაკო“ 30 ქულით სატურნირო ცხრილის მეთექვსმეტე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები