მატჩის შემდეგ - დორტმუნდი VS ტოტენჰემი
Aa
Aa

მატჩის შემდეგ - დორტმუნდი VS ტოტენჰემი

ლონდონში მიღწეული 3 ბურთიანი გამარჯვების შენარჩუნება დიდად არ გასჭირვებია „ტოტენჰემს“, რომელმაც „დორტმუნდს“ ორი მატჩის ჯამში მშრალად მოუგო.

გერმანელებმა გუშინდელი შეხვედრის პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყეს და საწყის 45 წუთში არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, რა დროსაც „ტოტენჰემი“ ცოტა დაბნეული ჩანდა და თუნდაც ერთი გოლი სიტუაციას დაძაბავდა, თუმცა „ყვითლებმა“ ამ გოლის გატანა ვერ შეძლეს.

ლონდონელებმა აღნიშნულ ზეწოლას გაუძლეს და მეორე ნახევრის დასაწყისში თავად გაიტანეს, როცა ჰარი კეინმა მასპინძელთა ცენტრალური დაცვის პოზიციური შეცდომით ისარგებლა და შეხვედრის ერთადერთი ბურთი შეაგდო. კეინი „ტოტენჰემის“ ისტორიაში ევროტურნირებზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ევროასპარეზზე 24-ე ბურთი შეაგდო და ჯერმენ დეფოს მაჩვენებელი გააუმჯობესა.

ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციისას საკუთარი შეგირდებით გამოწვეული სიამაყე არ დამალა და აღნიშნა, რომ მათ ეს წარმატება დაიმსახურეს.

„ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ და იმაზე ბედნიერი ვარ ვიდრე წარმოგიდგენიათ. მათ ეს დაიმსახურეს. გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, როგორც უემბლიზე ისე აქ. მინდა ფეხბურთელებს ეს გამარჯვება მივულოცო. ვამაყობ ჩვენი კლუბით და გულშემატკივრებით. ფანტასტიკურ სეზონს ვატარებთ და ვფიქრობ რომ ეს ის სეზონია, რომელიც აუცილებლად დაგვამახსოვრდება.“

საკუთარ ფეხბურთელებს ორივე შეხვედრაში ნაჩვენები კარგი თამაში მიულოცა ლუსიენ ფავრმა, რომელიც აცხადებს, რომ შედეგის მიუხედავად, საკუთარი გუნდით ბედნიერია.

„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ და გოლის გატანის თითქმის ექვსი შანსი გვქონდა, თუმცა ვერცერთი გამოვიყენეთ. შემდეგ კი ბურთი ჩვენს კარში მივიღეთ, რამაც ყველაფერი გაართულა. პირველ ტაიმში ბევრი პოზიტიური მომენტი იყო. საბოლოოდ ჩვენ 0:1 წავაგეთ თუმცა თამაშში არ დავმარცხებულვართ.“

„ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში ისტორიაში მეორედ მოხვდა, პირველად მან ეს 2011 წელს გააკეთა, როცა 1/4 ფინალურ სტადიაზე მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა. ინგლისელთა შემდეგი მეტოქე 15 მარტს გასამართი კენჭისყრის შემდეგ გვეცოდინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები