ხოჭოლავა: ''ევროპა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია''
Aa
Aa

ხოჭოლავა: ''ევროპა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია''

ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ფრანკფურტის ''აინტრახტი'' ხარკოვში დონეცკის ''შახტარს'' დაუპირისპირდება. მატჩი ''მეტალისტზე'' გაიმართება. უკრაინულმა გუნდმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა და ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა ესწრებოდნენ.

დავით ხოჭოლავა: ''აინტრახტი'' შეტევის ყველა მიმართულებით ძალიან ძლიერია. სამი ან ოთხი დღეა ვმუშაობთ ტაქტიკაზე, რომელიც ''აინტრახტთან'' წარმატებაში დაგვეხმარება. მეტოქის სამივე ფორვარდი საკმაოდ შედეგიანია, რაზეც მათ მიერ  გატანილი გოლები და შესრულებული საგოლე გადაცემები მეტყველებს.

მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი გერმანული კლუბის, ''ჰოფენჰაიმის'' წინააღმდეგ ვითამაშეთ. ორივე გუნდი ძალიან  აგრესიულია, თუმცა შესაძლოა ''აინტრახტი'' უფრო ძლიერია. ყველაფერი ხვალინდელ შეხვედრაში გამოჩნდება.''

- ბოგდან ბუტკომ განაცხადა, რომ გუნდის მიზანი ევროპა ლიგის ფინალში გასვლაა. ''შახტარს'' შეუძლია აღნიშნული მიზნის შესრულება?

- მე ვფიქრობ, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია, მაგრამ ეს შორეული მიზანია. დღეს ჩვენ მხოლოდ უახლოეს შეხვედრაზე ვფიქრობთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელი მეტოქის სამ ფორვარდში ანტე რებიჩს, ლუკა იოვიჩსა და სებასტიან ჰალერს გულისხმობდა. მათ საერთო ჯამში ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 32 გოლი გაიტანეს.

დონეცკის ''შახტარის'' მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას განცხადებით, დავით ხოჭოლავა ''აინტრახტთან'' სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებს.

პაულო ფონსეკა: ''აინტრახტთან'' რაკიცკის ხოჭოლავა შეცვლის. იმედი მაქვს მოვალეობას თავს გაართმევს.''

''შახტარისა'' და ''აინტრახტის'' დაპირისპირება 15 თებერვალს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები