იბერიასთან რთული დაპირისპირება გველის | იაგიელონიას მთავარი მწვრთნელი
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იაგიელონიამ“ შოტლანდიური „რეინჯერსის“ ბარიერი დაძლია. პოლონურმა კლუბმა პირველი მატჩი შინ 2:1 მოიგო, საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა. ტურნირის ფლეი-ოფში „იაგიელონიას“ მეტოქე საქართველოს ჩემპიონი, „იბერია“ იქნება.
გლაზგოური დაპირისპირების შემდეგ „იაგიელონიას'' მთავარმა მწვრთნელმა ადრიან სიემიენეცმა მედიასთან ისაუბრა.
„უდიდესი პატივისცემა მაქვს „რეინჯერსის“, ამ ადგილისა და ამ ურთულესი ორმატჩიანი დაპირისპირების მიმართ. თუმცა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და ეს ძალიან მახარებს, რადგან არ მაქვს განცდა, რომ შემდეგი ეტაპის საგზური უბრალოდ გაგვიმართლა და ისე მივიღეთ — ის მოედანზე ბრძოლით მოვიპოვეთ.
„იაგიელონიას“ გადმოსახედიდან ეს ფანტასტიკურია, რადგან ზედიზედ მესამე წელია ევროთასების ლიგის ეტაპი გვაქვს და ახლა შესანიშნავი შანსი გვეძლევა, ევროპა ლიგისთვის ვიბრძოლოთ. წინ კიდევ ერთი რთული ორმატჩიანი დაპირისპირება გველის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისტორიული შედეგი დავაფიქსიროთ და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ვითამაშოთ ევროპა ლიგის ძირითად (ლიგის) ფაზაში“, — განაცხადა ადრიან სიემიენეცმა „რეინჯერსის“ დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ისტორიული შედეგი დააფიქსირა და პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც კონფერენს ლიგის ძირითად (ლიგის) ფაზაში თამაშის უფლება მოიპოვა, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთირლანდიური „ლარნის“ ბარიერი დაძლია (0:0, 2:1) და ტურნირის ფლეი-ოფში გავიდა. ეს შედეგი კონფერენს ლიგის ფაზაში თამაშს გარანტირებულად ნიშნავს, თუმცა თუ „იბერია“ პოლონურ გუნდსაც დაამარცხებს, ასპარეზობას უკვე ევროპა ლიგის ძირითად ფაზაში გააგრძელებს.