"კრიშტიანუ მადრიდის მეფე იყო" - ზეედორფის ვრცელი ინტერვიუ Marca-სთან
ამსტერდამის "აიაქსისა" და მადრიდის "რეალის" მატჩამდე, ესპანური გამოცემა Marca კლარენს ზეედორფს დაუკავშირდა და მასთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ზეედორფმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ხსენებულ ორივე გუნდთან ერთად აქვს მოგებული, წყვილში შანსები შეაფასა და არაერთ სხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ლეგენდარული ჰოლანდიელის განცხადებით, წყვილში ფავორიტად "რეალი" უნდა ჩაითვალოს, თუმცა ამსტერდამელებს მისი დამარცხება შეუძლიათ. ასევე, 42 წლის ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მადრიდულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგების შანსიც ექნება. კლარენსმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფავორიტებიც დაასახელა.

„წყვილში ფავორიტად ესპანელები უნდა დავასახელო, რადგან ისინი ტიტულს იცავენ და ამ ტურნირზე კოლოსალური გამოცდილება აქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებენ, მაგრამ მათთვის ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო.
სანამ ჩემპიონთა ლიგას "რეალთან" ერთად მოვიგებდი, ამ დიდი წარმატების მიღწევა „აიაქსის“ რიგებში შევძელი, მაშინ 19 წლის ვიყავი და ჩემს კუმირებთან ერთად ვთამაშობდი. ეს დაუვიწყარი იყო, საოცარი ზეიმი მოეწყო, ამსტერდამში მილიონობით ადამიანი გველოდებოდა, რომელთაც წარმატების გაზიარება და სიხარულის გამოხატვა სურდათ".

"ამჟამინდელი „აიაქსი“ ძალიან საინტერესო გუნდია, ზიეჩი, დოლბერგი, ტადიჩი და ჰუნტელაარი მისი მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. „რეალი“ ხვდება გუნდს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში რამდენიმე წელია არ უთამაშია. მათ იციან, რომ ესპანელთა დამარცხება შეუძლიათ და ის, რომ „რეალი“ მოქმედი ჩემპიონია, მოტივაციას კიდევ უფრო უმძაფრებთ.
რაც შეეხება „რეალის“ ზედიზედ მეოთხე ტიტულს, ყველაფერი შესაძლებელია. ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, თუმცა „ბლანკოსს“ ასეთი რამ ყოველთვის შეუძლია. ისეთი სეზონის შემდეგ, როგორიც გუნდს წინა წელს ჰქონდა, ბალანსის შენარჩუნება ძალიან რთულია და ფაქტია, რომ თანდათან პროგრესი სახეზეა, სოლარის ფეხბურთელებთან სამუშაოდ დრო კიდევ ექნება. სეზონის სტარტზე „რეალს“ უმძიმესი წნეხის გადატანა მოუწია, თუმცა სიტუაცია დალაგდა და ახლა გუნდი გაცილებით კონკურენტუნარიანია".

"ძალიან კარგად მახსოვს „რეალთან“ ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ჩვენ ეს ტიტული 32 წლიანი პაუზის შემდეგ მადრიდში დავაბრუნეთ.
ვამაყობ, რომ იმდროინდელ "რეალში" ასეთი მნიშვნელოვანი როლი მქონდა. ის იყო გუნდი, რომელმაც მიზნის მიღწევა მოახერხა და კონკრეტულად ეს ევროტურნირი ამდენი წლის შემდეგ პირველად მოიგო. იმ გამარჯვებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებ, როცა ხედავ, რომ კლუბმა მას შემდეგ უამრავი ტიტული მოიპოვა. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში გუნდმა ბევრი რამ გაამყარა და გიგანტი გახდა, ამ ზრდით ძალიან ბედნიერი ვარ, მართლაც შესანიშნავი გრძნობაა, რომ ამის ნაწილი ვარ".

"კრიშტიანუ მადრიდის მეფე იყო, მას გუნდისთვის გოლები გარანტირებულად გაჰქონდა. პორტუგალიელი რომ ახლაც აქ იყოს, "რეალი" უფრო თავდაჯერებული იქნებოდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ გუნდი მკვეთრად განსხვავებულ შედეგებს მიაღწევდა. ზიდანს უდიდესი გავლენა ჰქონდა და მის გარეშე საქმე გართულდა, შესაბამისად, ყველაფერი შრომით უნდა აეწყოს. ფაქტი იყო, რომ ფრანგის შემცვლელს განსაკუთრებული სამუშაო ელოდა, რათა გუნდს დაუყოვნებლივ წარმატებისთვის მიეღწია და სირთულეები გადაელახა.
სოლარის გაუმართლა, რომ ბევრ იმ ადამიანთან მუშაობა უწევს, რომლებთანაც ადრეც აქტიური კონტაქტი ჰქონდა. ის კარგი ადამიანია, თუმცა როგორც მწვრთნელს არ ვიცნობ და არც მისი მუშაობის სტილი ვიცი. ვფიქრობ, ის იმას აკეთებს, რაც ვეტერანთა და ახალგაზრდათა ნაზავისგან შემდგარი გუნდისთვის საჭიროა. სოლარი პოსტზე ძალიან ცოტა ხნის წინ დაინიშნა, ამიტომ შესრულებული სამუშაოს შეფასება ჯერ ადრეა. ამაზე საუბარი სეზონის ბოლოს შეგვეძლება, როცა დავინახავთ, რამდენად გააუმჯობესა მან გუნდი".

"ყოველთვის რთულია გარედან იმის ზუსტად დანახვა, შიდა სამზარეულოში რა ხდება. უეჭველია, რომ ისკო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომელსაც როგორც მწვრთნელი, გუნდში ვისურვებდი. ყველა ფეხბურთელს აქვს რთული პერიოდი, მწვრთნელის საქმეც ესაა, რომ მათ ინდივიდუალურად მიუდგეს და ფიზიკურ და მენტალურ აღდგენაში დაეხმაროს. სოლარი გიჟი ნამდვილად არაა, რომ ფეხბურთელი მოედანს გარეთ შესაბამისი მიზეზის გარეშე დატოვოს.
რაც შეეხება მოდრიჩს, მან შეძლო და როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში უაღრესად მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა, რამაც ასეთი დიდი ჯილდოს მოგების საშუალება მისცა. ის ინტელიგენტი ფეხბურთელია, მაგრამ სხვა პერიოდის ფეხბურთელებთან შედარებები უაზრობა მგონია. სხვა დროს ფეხბურთი სხვანაირი იყო, ახლა ასეთია და ამ ფეხბურთში მოდრიჩის ეს ჯილდო ნამდვილად დამსახურებულია. ვულოცავ მოდრიჩს, იმედი მაქვს, რომ იგი ასეთი დიდი კარიერული წარმატებების მიღწევას გააგრძელებს".

"მოედნის მიღმა წნეხი არასდროს მიგრძვნია. ეს ჩემი ერთ-ერთი სიძლიერე იყო, ყოველთვის ვახერხებდი, რომ სხვადასხვა რაღაცებისთვის ყურადღება არ მიმექცია. ძალიან თვითკრიტიკული ვიყავი და ვცდილობდი, რომ რასაც სხვები ჩემზე ამბობდნენ, მოტივაციად გადამექცია. თუმცა, თუკი მაინც რომელიმე კონკრეტულ კლუბი გინდათ გითხრათ, ეს მადრიდის "რეალი" იყო, სადაც განსაკუთრებული წნეხია.
ზაფხულში "რეალის" გაწვრთნასთან დაკავშირებით კონტაქტი ნამდვილად შედგა, თუმცა მოლაპარაკებები სხვა მიმართულებით წავიდა. ახალგაზრდა ვარ და აქ დაბრუნებას სამომავლოდ ვიმედოვნებ. "ბლანკოსს" ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ. რამდენიმე წლის წინ "მილანს" ვწვრთნიდი, რომელიც ასევე ჩემი სახლია და, ვფიქრობ, "რეალის" გაწვრთნისასაც იგივე შეგრძნება მექნება, როგორიც "როსონერის" გაძღოლისას მქონდა".

"კრიშტიანუ თუ მესი? მსოფლიო ფეხბურთის სცენაზე, ბოლო ათწლეულში ორივე თავისი გზით მიდიოდა და დომინირებდა. მესის საკუთარი საფეხბურთო სტილი აქვს, რონალდუ კი მკვეთრად განსხვავებულია. ორივე გასაოცარი და ექსტრაორდინალური ჩემპიონია.
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტზე საუბარი ახლა საკმაოდ ადრეა, რადგან ვხედავ, რომ განსაკუთრებული სეზონია. შესაძლოა, ამ კუთხით „ლივერპული“ გამოვყოთ, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე კარგი თამაში აჩვენა და პრემიერ ლიგაშიც მშვენივრად გამოიყურება. ფინალში გასვლა „იუვენტუსსაც“ შეუძლია, თუმცა იქამდე მეტოქეთა გრძელი სიაა, რომელთაც მათ უნდა აჯობონ. „ატლეტიკო“, „პსჟ“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „სიტი“... ტიტულისთვის ბრძოლა ყველა მათგანს შეუძლია".
დასასრულს ზეედორფს კამერუნის ნაკრების შესახებ ჰკითხეს. ჰოლანდიელი ამბობს, რომ ეს აფრიკული ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით ანგარიშგასაწევ ძალად უნდა აქციოს.
"ჩემი ამჟამინდელი მიზანია, რომ კამერუნის ნაკრები მსოფლიოს მასშტაბით პატივსაცემი გუნდი გავხადო. ჩვენ წინ მივიწევთ და რეკონსტრუქციის პროცესი გრძელდება, ბრაზილიასთან ნოემბერში გამართულმა მატჩმა კი ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა".

კლარენს ზეედორფმა კამერუნის ნაკრები 2018 წლის 4 აგვისტოს ჩაიბარა, მისი ასისტენტი კი პატრიკ კლუივეტი გახლავთ. ლეგენდარული ჰოლანდიელების ხელმძღვანელობით კამერუნელებმა 5 მატჩი ჩაატარეს, რომელთაგანაც 1 მოიგეს (მალავის ნაკრებთან), 2 ფრედ ითამაშეს და 2 წააგეს. რაც შეეხება უშუალოდ ბრაზილიასთან შეხვედრას, "სელესაომ", რიშარლისონის გოლით, ზეედორფის ბიჭებს 1:0 მოუგო.
კლარენს ზეედორფმა საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე ადგილას იმუშავა. იგი 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე "მილანს" წვრთნიდა, 2016 წელს ასევე რამდენიმე თვით ჩინურ "შენჟენს" ავარჯიშებდა, ხოლო კამერუნში მისვლამდე, გასული წლის თებერვლიდან მაისამდე "დეპორტივოს" მთავარი მწვრთნელი იყო.
მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ