ზაზას 5 ქულა და გამარჯვება "ნიუ-იორკთან"
ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ თავისი გულშემატკივრების გახარებას განაგრძობს. გამთენიისას „პისტონსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და აღმოსავლეთ კონფერენციის აშკარა აუტსაიდერს, „ნიუ იორკ ნიქსს“, სძლია.
დეტროიტელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და სასურველი შედეგის დაფიქსირება არ გასჭირვებიათ. დუეინ კეისის გუნდმა წარმატებას დაცვაში კარგად თამაშის ხარჯზე მიაღწია და ნიუ იორკელები 105-92 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 11 წუთი და 32 წამი გაატარა. ქართველმა ცენტრმა აქტივში 5 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 3 მოხსნა ჩაიწერა. ზაზამ 1 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.
„დეტროიტი“ საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. „პისტონსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეცხრე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრაში კვლავ „ნიუ იორკ ნიქსს“ შეერკინება. ზაზა ფაჩულიას გუნდი ნაცნობ მეტოქეს ამჯერად საკუთარ პარკეტზე დაუპირისპირდება.