ენტონი დევისმა გაცვლა მოითხოვა
Aa
Aa

ენტონი დევისმა გაცვლა მოითხოვა

„ნიუ ორლეან პელიკანსის“ ლიდერს, ენტონი დევისს, გუნდის დატოვება სურს. ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით 25 წლის სუპერვარსკლავი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ გეგმავს და თუ არ გაცვალეს „ნიუ ორლეანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ESPN-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას დევისის აგენტმა, რიჩ პოლმა, ასეთი განცხადება გააკეთა: „ენტონის სურს ისეთ გუნდში გაცვალონ, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა და ტიტულების მოპოვება შეეძლება. ენტონის უნდოდა ღირსება შეენარჩუნებინა და გუნდს მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ სწორედ ამიტომ შეატყობინა“.

ჯერჯერობით უცნობია დევისს კარიერის გაგრძელება რომელ გუნდში სურს. ამერიკული გამოცემების ცნობით მისი გადაბირებით „ლეიკერსი“ და „ბოსტონი“ არიან დაინტერესებული.

დევისი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 29.3 ქულას, 13.3 მოხსნას, 4.4 შედეგიან გადაცემას, 1.7 ჩაჭრას და 2.6 დაფარებას აგროვებს. ენტონის წარმატებული თამაშის მიუხედავად "პელიკანსის" ანგარიშზე 22 მოგება და 28 მარცხია. ამ მაჩვენებლით "ნიუ ორლეანი" დასავლეთ კონფერენციის მე-13 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები