ზაზა ფაჩულიამ ყოფილი გუნდი დაამარცხა
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიამ ყოფილი გუნდი დაამარცხა

გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მორიგი შეხვედრა გამართა. "პისტონსმა" ამჯერად საშინაო კედლებში NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, "გოლდენ სტეიტი", მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

დეტროიტელებმა მეორე მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს და საბოლოოდ მეტოქეს 111-102 სძლიეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა და ერთი პერსონალური ფოლი მიიღო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 9-ს უწია.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე 26 ქულით ბლეიკ გრიფინი გახდა. ანდრე დრამონდმა აქტივში 16 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა სტენლი ჯონსონმა გუნდს 19 ქულა შესძინა.

ეს გამარჯვება "დეტროიტისთვის" მიჯრით მეხუთე აღმოჩნდა. "პისტონსი" 13 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას დეტროიტელები "ოკლაჰომას" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები