ლევან ყენია: ''ტრავმის მიღების შიში დავძლიე, ეროვნულ გუნდში დაბრუნების ამბიცია მაქვს''
უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2018-19 წლების სეზონის მეხუთე ტურში ''მილანმა'' ''სან სიროზე'' ლუქსემბურგის ''დუდელანჟი'' 5:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. 49-ე წუთზე ტურპელის გოლით ''დუდელანჟი'' დაწინაურდა, თუმცა 66-ე წუთიდან მოყოლებული იტალიურმა კლუბმა 4 გოლი გაიტანა.
''დუდელანჟის'' მაისურით მე-80 წუთზე ლევან ყენია ჩაერთო თამაშში. გერმანული ''შალკეს'' ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 29 მატჩში 4 გოლი შეაგდო, ''მილანთან'' შეხვედრის შემდეგ crystalsport-ს ესაუბრა.

- ''სან სიროზე'' ანგარიში გაათანაბრეთ და შემდეგ იგებდით, თუმცა 14 წუთში 4 გოლი გაუშვით. ფსიქოლოგიურად გატყდით თუ სათამაშო კლასი დაგაკლდათ?
- სათამაშო კლასი. ''მილანი'' გაცილებით ძლიერი გუნდია. ბოლო წუთებში ''მილანის'' შეტევებს ვეღარ გავუძელით, თუმცა აღსანიშნავია, რომ ''მილანთან'' სტუმრად ვიგებდით.
-''დუდელანჟის'' მაისურით სტაბილურად თამაშობ. ტრავმის მიღების შიში დაძლიე?
- დაახლოებით 5 თვეა, რაც სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ეტაპობრივად სასურველ სათამაშო ფორმას ვუახლოვდები. ტრავმის მიღების შიში დაძლეულია.
- ''დუდელანჟის'' მთავარ მწვრთნელს, დინო ტოპმიოლერს როგორ დაახასიათებ?
- კარგი მწვრთნელია. დინო აქცენტს შემტევი სტილის ფეხბურთზე აკეთებს. მისი ვარჯიშები მომწონს.

- კლაუს ტოპმიოლერისა და დინო ტოპმიოლერის სამწვრთნელო მიდგომებს შორის რა განსხვავებას ხედავ?
- რთული სათქმელია. კლაუსთან მხოლოდ სანაკრებო პაუზის დროს მიწევდა ყოფნა, მაგრამ ვარჯიშები თითქმის იდენტურია. ორივეს შემტევი ფეხბურთი უყვარს.
- სად უფრო რთული იყო თამაში, ბეტისთან სტუმრად ''ვილამარინზე'' თუ მილანთან ''სან სიროზე'' ?
- ''ბეტისთან.'' რაც შეეხება ''მილანს,'' იტალიური კლუბი ნამდვილად არაა საუკეთესო ფორმაში.
- ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების ამბიცია გაქვს?
- რა თქმა უნდა. მსურს კვლავ ვითამაშო ეროვნულ გუნდში.
- განვლილი კარიერიდან ყველაზე მეტად რომელი მატჩისგან მიღებული ემოციები გენატრება?
- ''რურის'' დერბი. ''შალკეში'' თამაშის დროს ''დორტმუნდი'' ფარფანის გოლით სტუმრად დავამარცხეთ.
Bundesliga, Game week 7, 2009, Dortmund - Schalke 0:1
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) November 30, 2018
Goal: 0:1 Farfan (31) pic.twitter.com/L2YeMgpwzn
- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ შენი საყვარელი წიგნია იოანე სინელის ''კიბე.'' ეს წიგნი საკმაოდ რთულად გასააზრებელია, რადგან წიგნის მიხედვით ადამიანმა ფაქტიურად წმინდანივით უნდა იცხოვროს. აღნიშნული წიგნის კითხვა ტრავმის დროს ფსიქოლოგიურად გეხმარებოდა?
- დიახ, მეხმარებოდა. იყო დრო, როცა ამ წიგნს ვკითხულობდი. გეთანხმები საკმაოდ მძიმე წიგნია, რომლის წაკითხვა და წაკითხულის გააზრება შესაბამის სულიერ მდგომარეობას საჭიროებს.
Germania Windeck - FC Schalke 0:4
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) November 30, 2018
Third goal: Levan kenia (63)
DFB Pokal, 2009-10 pic.twitter.com/5BRvrgL6Yt