NBA-მ რონდო, პოლი და ინგრემი დააჯარიმა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლებმა ბრენდონ ინგრემი, რაჟონ რონდო და კრის პოლი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
NBA-მ ინგრემს 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რონდოს 3 შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, ხოლო კრის პოლი გუნდს უახლოეს ორ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონის“ შეხვედრაში მოთამაშეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კრის პოლის თანაგუნდელების განცხადებით რონდომ ტეხასელთა უკანახაზელს სახეში შეაფურთხა და ჩხუბის მიზეზი სწორედ ეს გახლდათ, თუმცა ლოს-ანჯელესური გუნდის წარმომადგენლები ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.
კალათბურთელებს დისკვალიფიკაციასთან ერთად ჯარიმის გადახდაც მოუწევთ. ყველაზე მეტით კრის პოლი დაზარალდა. „ჰიუსტონის“ გამთამაშებელს ჯამში 491782 დოლარის გადახდა დაეკისრა. რონდოს „ზარალმა“ 186207 დოლარი, ხოლო ინგრემის 158816 შეადგინა.