სერია A. მე-2 ტური - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია A. მე-2 ტური - იცოდით, რომ...

CrystalSport-ის გუნდი გთავაზობთ ახალ ყოველკვირეულ რუბრიკას, რომლითაც იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებს წარმოგიდგენთ.

ტურნირის მე-2 სათამაშო დღე საკმაოდ შედეგიანი გამოვიდა და ჯამში 33 გოლი (საშ. 3.3) ვიხილეთ. ტური გამორჩეული იყო იმით, რომ სერია A-ს გადაწყვეტილებით, ყველა გუნდის ფეხბურთელი მოედანზე სპეციალური მაისურით გავიდა, რომელსაც GENOVA NEL CUORE ეწერა - "გენუა გულშია"!..

მირალემ პიანიჩმა 2018 წელს, სერია A-ს ეგიდით მე-3 გოლი გაიტანა. მან სამივე შემთხვევაში სახლის მატჩში და საჯარიმოს გარედან შეაგდო.

კრიშტიანუ რონალდუ "ლაციოს" წინააღმდეგ გამართული მატჩის პირველ ტაიმში, მეტოქის საჯარიმოში ბურთს მხოლოდ ერთხელ შეეხო.

როცა მარიო მანჯუკიჩი სერია A-ს მატჩში გოლის გატანას ახერხებს, "იუვენტუსი" თამაშს აუცილებლად იგებს - ეს 22 შეხვედრაში მოხდა.

"ლაციოს" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგია, რაც სიმონე ინძაგის მწვრთნელობის პერიოდში პირველად მოხდა.

ჯაკომო ბონავენტურამ "ნაპოლის" კარში მე-4 გოლი გაიტანა და ეს გუნდი მისი ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა. მან ამდენივე ბურთი "სამპდორიასა" და "ინტერს" გაუტანა.

პიოტრ ზიელინსკის სერია A-ში გატანილი გოლების 25% "მილანთან" მატჩებზე მოდის. პოლონელმა ჯამში 16-ჯერ შეაგდო, "როსონერი" კი მეოთხედ დაამწუხრა.

"ნაპოლიმ" სერია A-ს ეგიდით 2 ბურთიანი ჩამორჩენა 2011 წლის შემდეგ პირველად აღმოფხვრა. გუნდმა მაშინ "ლაციოს" "დაუქამბექა".

"სპალის" ფორვარდები - მირკო ანტენუჩი და ანდრეა პეტანია, "პარმასთან" მატჩის პირველ ტაიმში ბურთს ჯამში 34-ჯერ შეეხნენ, თუმცა არცერთხელ ეს მეტოქის საჯარიმოში არ მომხდარა.

"სპალმა" სერია A-ს საწყისი 2 მატჩი 1959-1960 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო.

"ინტერთან" გამართული მატჩის პირველ ტაიმში, ანდრეა ბელოტი ბურთს მხოლოდ 7-ჯერ შეეხო, რაც სხვა ნებისმიერი ფეხბურთელის მაჩვენებელზე მინიმუმ 5-ით ნაკლები იყო.

2014-2015 წლების სეზონიდან მოყოლებული, ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის ეგიდით, თავური დარტყმის შედეგად, ლეონარდო პავოლეტიზე მეტი გოლი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა - კრიშტიანუ რონალდუმ (29) და ოლივიე ჟირუმ (21) გაიტანა. "კალიარის" ლიდერმა ხსენებულ პერიოდში თავით უკვე მე-17 ბურთი შეაგდო.

"ინტერს" სერია A-ს საწყისი 2 ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს. ასეთი რამ 21-ე საუკუნეში მესამედ მოხდა - 2011-2012 და 2016-2017.

"ფიორენტინამ" სერია A-ს ერთ მატჩში 6 გოლი 1996 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. მაშინ "იების" მეტოქე "პადოვა" გახლდათ, რომელსაც 6:4 მოუგეს.

დომენიკო კრიშიტომ "ჯენოაში" დაბრუნება 2 საგოლე პასით აღნიშნა. მან სერია A-ში მე-10 ასისტი მიითვალა, რომელთაგანაც 9 საშინაო შეხვედრისას ჩაიწერა.

დომენიკო ბერარდიმ ჩემპიონატის საწყის 2 ტურში 2 გოლი გაიტანა. მას გასულ სეზონში ამდენივე გოლის გასატანად 27 მატჩი დასჭირდა.

"რომამ" სერია A-ს ეგიდით ბოლოს აპრილში "ფიორენტინასთან" წააგო. მას შემდეგ "ჯალოროსიმ" 8 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონატის სხვა გუნდებთან შედარებით, ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია აქვს.

ხავიერ პასტორემ "რომას" მაისურით სადებიუტო ბურთი გაიტანა. არგენტინელმა სერია A-ში გოლი 2675 დღის შემდეგ შეაგდო. ბოლო გოლი "პალერმოს" რიგებში "პარმას" გაუტანა, ეს კი 2011 წლის 1 მაისს მოხდა. 

"ატალანტას" "რომას" წინააღმდეგ დედაქალაქში გამართული მატჩი გოლის გარეშე 2012 წლის შემდეგ აღარ დაუსრულებია. ბერგამოელებმა "გლადიატორები" ზედიზედ მე-6 შეხვედრაში დაამწუხრეს.

"რომას" კარისკენ "ატალანტამ" პირველ ტაიმში ერთბაშად 16-ჯერ დაარტყა. 21-ე საუკუნეში პირველად მოხდა, როცა "ჯალოროსის" საწყის 45 წუთში ამდენჯერ დაურტყეს.

"რომასა" და "ატალანტას" მატჩში ჯამურად 48 დარტყმა შესრულდა, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ ამდენივე დარტყმით "პარმამ" და "ლივორნომ" გამოიჩინეს თავი.

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები