''გული მწყდება, ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ'' - ''პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ''
Aa
Aa

''გული მწყდება, ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ'' - ''პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ''

საქართველოს ჩემპიონმა ქუთაისის ''ტორპედომ'' ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. საპასუხო შეხვედრაში ტირასპოლის ''შერიფმა'' შინ 3:0 გაანადგურა კახა ჩხეტიანის გუნდი.

პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და ''ტორპედოს'' გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საპასუხო მატჩში ქართულმა კლუბმა სამი უპასუხო გოლი გაუშვა.

მატჩის შემდეგ ''ტორპედოს'' მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და გასული მატჩის შესახებ ისაუბრა.

კახა ჩხეტიანი: "ყოველ წაგებულ მატჩში უპირველესად ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა, პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები მე დავუშვი.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს...

ვულოცავ "შერიფს" გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპა ლიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვქომაგობდა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

შეგახსენებთ, ''ტორპედო'' ევროპა ლიგაზე გადაერთვება და გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ''ტორპედო'' ერთ კვირაში ფარერის კუნძულების კლუბ ''ვიკინგურს'' შეხვდება.

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები