''დიდება უკრაინას'' - ხორვატი ფეხბურთელები რუსეთთან მატჩის შემდეგ
Aa
Aa

''დიდება უკრაინას'' - ხორვატი ფეხბურთელები რუსეთთან მატჩის შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიამ პენალტების სერიაში რუსეთი დაამარცხა. მატჩის შემდეგ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელმა დემაგოი ვიდამ ვიდეო გაავრცელა. ვიდასთან ერთად ხორვატიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ოგნენ ვუკოევიჩს ვხედავთ.

''დიდება უკრაინას'' -  რუსეთთან გამარჯვების შემდეგ ამბობს დომაგოი ვიდა, რომელიც 2013-18 წლებში კიევის ''დინამოს'' ღირსებას იცავდა.

''გამარჯვება კიევის ''დინამოსთვის'' და უკრაინელებისთვის'' - აღნიშნავს ვუკოევიჩი, რომელიც კიევის ''დინამოსა'' და მოსკოვის ''სპარტაკში'' ასპარეზობდა. ამჟამად ვიდა კიევის ''დინამოს'' სკაუტია.

 

მოგვიანებით ვიდამ sports.ru-სთან საუბარში განაცხადა: ''ეს იყო გამარჯვება მხოლოდ ხორვატიისთვის. არანაირი პოლიტიკა. ეს ხუმრობაა. უკრაინაში უამრავი მეგობარი მყავს. მე არ ვგულისხმობდი რაიმე სხვას. არ მინდა პოლიტიკა ფეხბურთში ჩავრთო. მიყვარს რუსები, მიყვარს უკრაინელები, მიყვარს ბრაზილიელები, მიყვარს ყველა.''

რუსეთთან შეხვედრაში დომაგოი ვიდამ 101-ე წუთზე თავური დარტყმით ხორვატები წინ გაიყვანა. რუსეთმა სასწაული მაინც მოახდინა და 115-ე წუთზე მარიო ფერნანდესმა ასევე თავური დარტყმით ტაბლოზე 2:2 დააფიქსირა.

პენალტების სერიაში უფრო ზუსტი ხორვატები აღმოჩნდნენ. გადამწყვეტი პენალტი კვლავ ივან რაკიტიჩმა გაიტანა, რომელმაც დარტყმა ზუსტად ისე შეასრულა როგორც დანიელთა წინააღმდეგ.

ამრიგად, ხორვატია არსებობის ისტორიაში მეორედ მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშებს და მათი მეტოქე ინგლისი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები