Aa Aa
4 ივლისი 2018  |  19:40

მარადონა: "არგენტინის ნაკრებს უფასოდ გავწვრთნიდი"

imgbanner

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ლეგენდარული, დიეგო მარადონა აცხადებს, რომ არგენტინის ნაკრებს უფასოდ გაწვრთნიდა. დიეგომ მუნდიალის ფავორიტიც დაასახელა და ეს სტატუსი ბრაზილიას მიანიჭა.

მარადონა, რომელიც "ალბისელესტეს" რუსეთის სტადიონებიდან გულშემატკივრობდა, ერთ-ერთ ვენესუელურ ტელეარხს ესაუბრა და რამდენიმე თემას შეეხო.

"დიახ, ამას უფასოდ გავაკეთებდი, დასაბრუნებლად არაფერს ვითხოვ. მედია ფიქრობს, რომ ბედნიერი ვარ, თუმცა მათ არ იციან, ბოლოდროინდელ სიტუაციას როგორ განვიცდი.

მინდა, რომ ღმერთმა ძალა მომცეს და მოედანზე დაბრუნება შევძლო. წლები ყველას ემატება, რადგან ცხოვრება გრძელდება და უკვე 57 წლის გავხდი.

ვხედავ, ჩემს ნაკრებს როგორ ამარცხებს გუნდი, რომელზეც საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ყველაფერი თავს ცუდად მაგრძნობინებს. ის, რაც დიდი ძალისხმევით ავაშენეთ, ძალიან მარტივად ნადგურდება". 

"ბრაზილიელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და ტიტულის მოგება შეუძლიათ. მომწონს ტიტე, რადგან იგი მეტოქეს კარგად სწავლობს და მათ შეტევებს შესანიშნავად ანეიტრალებს. მაგალითად, მექსიკას სურდა, იგივენაირად ეთამაშა, როგორც გერმანიასთან, თუმცა ამის გაკეთების საშუალება არ მიეცა.

ნეიმარს უნდა უთხრან: "ან გვატირებ, ან გვაცინებ". როდესაც მექსიკელმა მას დააბიჯა, ეს მტკივნეული იყო, მაგრამ ისე ჩანდა, ნეიმარს ეს თითქოს გაუხარდა". 

ლეგენდარული ფეხბურთელი კოლუმბია-ინგლისის გუშინდელ მატჩსაც შეეხო და მთავარი არბიტრი გააკრიტიკა.

"საფეხბურთო მოედანზე ნამდვილი ქურდობა ვიხილე. მსაჯმა ბეისბოლის შესახებ უფრო მეტი იცოდა, ფეხბურთში კი აზრზე არ იყო. პენალტის დარტყმისას, კეინმა თამაშის წესი დაარღვია. რატომ არ გადამოწმდა ეს მომენტი ვიდეო რეფერის მეშვეობით"?

დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს 2008-2010 წლებში წვრთნიდა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/4 ფინალში გაიყვანა, სადაც გერმანიის ნაკრებთან 0:4 დამარცხდა.

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები