Aa
Aa

ყაზაიშვილის და იბრაჰიმოვიჩის გოლები - ქართველის შესანიშნავი შესრულება

MLS-ში ''სან ხოსეს'' ქართველმა შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი ''ლოს ანჯელეს გალაქსის'' გაუტანა. არნემის ''ვიტესისა'' და ვარშავის ''ლეგიას'' ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ მე-17 მატჩში მე-4 გოლი შეაგდო. ასევე მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.

''სან ხოსემ'' ''ლოს ანჯელეს გალაქსის'' უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ფრედ 3:3 დასრულდა. ანგარიში პირველ წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. ''ბარსელონასა'' და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფორვარდმა მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მე-15 წუთზე წონასწორობა აღდგა. ''სან ხოსეს'' ფეხბურთელ ვონდოლოვსკის შესრულებული პენალტი მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე აშშ-ის ეროვნული გუნდის ფორვარდმა  ყველას დაასწრო და მეორე ცდაზე გაიტანა.

მე-20 წუთზე ''ლოს ანჯელეს გალაქსის'' ფრანგმა გარემარბმა რომენ ალესანდრინიმ სტუმრები დააწინაურა. მან მახვილი კუთხიდან სტანდარტული დარტყმა ზუსტად შეასრულა - 1:2.

25-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეორე გოლი შეაგდო. სტუმრებმა ამჯერადაც სტანდარტული ვითარებიდან გაიტანეს. სკანდინავიელმა შორი მანძილიდან გამოიჩინა თავი და ანგარიში 1:3 გახდა.

39-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''სან ხოსეს'' შემტევის, ვაკო ყაზაიშვილის ეფექტური მოძრაობითა და უზუსტესი დარტყმით ანგარიში შემცირდა - 2:3. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ქართველმა მოთამაშემ მეტოქის ორ ფეხბურთელს აუარა გვერდი.

შესვენების შემდეგ ერთადერთი გოლი ვიხილეთ. ყაზაიშვილის თანაგუნდელმა კრის ვონდოლოვსკიმ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 3:3.

 

დასავლეთ კონფერენციის 12-გუნდიან გათამაშებაში ''სან ხოსე'' 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ამდენივე ქულაა ''კოლორადოსა'' და ''სიეტლის'' ანგარიშზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები