დაუვიწყარი მატჩი ყაზანში! - 7 გოლიანი თრილერი საფრანგეთსა და არგენტინას შორის!
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპი სუპერმატჩით გაიხსნა, რომელშიც საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინის დამარცხება, 7 გოლიან შეხვედრაში მოახერხა.
მსოფლიო ფეხბურთის ორმა გრანდმა გულშემატკივარს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა - თავიდან ფრანგები იგებდნენ, შემდეგ არგენტინა დაწინაურდა, "მამლებმა" ანგარიში 4:2 გახადეს, საბოლოო წერტილი კი სერხიო აგუერომ დასვა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე შეაგდო.
We're under way in Kazan! #FRAARG pic.twitter.com/0gDfBk5vl9
— FIFA World Cup ???? (@FIFAWorldCup) June 30, 2018
ყველაფერი მე-13 წუთზე დაიწყო, როცა კილიან მბაპემ ფრანგების კონტრშეტევა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო, ბურთიანად დაახლოებით 50 მეტრი გაიარა, საჯარიმოში შესული კი მარკოს როხომ წააქცია და მსაჯმა პენალტისკენ უყოყმანოდ მიუთითა.
ბურთთან ანტუან გრიზმანი მივიდა, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე საჯარიმო დარტყმიდან ხარიხას მოარტყა. მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა მეკარე არმანის აჯობა და "სამფეროვნები" დააწინაურა.

გოლამდეც და გოლის შემდეგაც, ბურთს არგენტინა ფლობდა, მაგრამ გამწვავება არ ხერხდებოდა, სამაგიეროდ, ფრანგთა სწრაფი იერიშები ძალიან სახიფათო იყო. განსაკუთრებით მბაპე გამოირჩეოდა, რომელმაც სამხრეთ ამერიკელთა მცველებს სისხლი გაუშრო და პირველსავე ტაიმში როხოსა და ტალიაფიკოს ყვითელი ბარათები "აჰკიდა".
გარდა ამისა, გუნდის მიერ შექმნილ თითქმის ყველა საგოლე მომენტში მთავარი კაცი სწორედ 19 წლის თავდამსხმელი გახლდათ.

საფრანგეთი საკუთარ ნახევარზე ძალიან ორგანიზებულად და სუფთად თამაშობდა, შესაბამისად, არგენტინას არანაირი საგოლე შანსი არ ჰქონია.
სამპაოლის გუნდის პირველი მომენტი გოლით დასრულდა, თანაც საგოლე შეტევას უაღრესად სახიფათოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, უფრო უნდა ვთქვათ, რომ ანხელ დი მარიამ საკუთარი გენია გამოავლინა.
ფრანგებს საყრდენი ზონა ჩაუვარდათ, კანტემ, მატუიდიმ და პოგბამ პოზიციები დაკარგეს, შედეგად, ფლანგიდან გაკეთებული პასის შემდეგ, დი მარიას ხელი ვერც ცენტრალურმა მცველებმა შეუშალეს, რომელთაც ამოსვლა დააგვიანეს და არგენტინელთა მე-11 ნომერმა ულამაზესი დარტყმით შეაგდო.

არგენტინელთათვის უმნიშვნელოვანესი გოლი გავიდა, რომელსაც გუნდისთვის მეტი თავდაჯერება და თვითრწმენა უნდა მიეცა, რაც ძალიან საინტერესო მე-2 ტაიმს გვპირდებოდა.
შესვენებისას, სამპაოლიმ ყვითელი ბარათით მოთამაშე როხო შეცვალა და მოედანზე ფედერიკო ფასიო გამოიყვანა, რომელმაც ოლივიე ჟირუს არაერთი საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო.

მე-2 ნახევრის სტარტზე, არგენტინელებმა შესანიშნავი მუხტი მიიღეს. 48-ე წუთზე, ბანეგამ ჯარიმა მოაწოდა, გადმოვარდნილი ბურთი კი მესის მიუვიდა, რომელმაც სუსტი დარტყმა შეასრულა, თუმცა ბურთს მიმართულება მერკადომ შეუცვალა და უგო ლორისი უშანსოდ დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიის ნაკრებთან გადამწყვეტი გოლისას, მერკადომ საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფრანგები თითქოს რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა ინიციატივა მოიპოვეს, მეტოქის კარს შეუტიეს და შედეგსაც მალევე მიაღწიეს.
57-ე წუთზე, ლუკას ერნანდესის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი შეტევაში ჩართულ ბენჟამინ პავარისკენ წავიდა, რომელმაც იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა.
ცხადი იყო, რომ ეს ბოლო გოლი არ უნდა ყოფილიყო და სპექტაკლი მხოლოდ ახლა იწყებოდა!

თამაში შედარებით გათანაბრდა, მაგრამ ინერციით მაინც საფრანგეთმა შეუტია. 64-ე წუთზე, კილიან მბაპემ კიდევ ერთი მონოსპექტაკლი მოაწყო, ბურთი საჯარიმოში მიიღო, წარმოუდგენელი სისწრაფითა და სიზუსტით მცველი ჩამოიშორა და მახვილი კუთხიდან დაბალი დარტყმით გაიტანა - 3:2.
ფრანგების ვინგერი 21-ე საუკუნეში მე-2 თინეიჯერია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების ფლეი-ოფის შეხვედრაში გოლი გაიტანა. აქამდე ერთადერთი ასეთი ფეხბურთელი ამერიკელი, ჯულიან გრინი გახლდათ - მან წინა მუნდიალის 1/8 ფინალში, ბელგიის ნაკრებს გაუტანა.

მბაპემ 4 წუთშში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, როცა "მამლებმა" სამაგალითო კონტრშეტევა განავითარეს. მათ 5 პასის შემდეგ, საკუთარიდან მეტოქის საჯარიმომდე ჩააღწიეს და მბაპე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს, მას კი არმანისთვის გოლის გატანა არ გასჭირვებია.
შესაბამისად, 21-ე საუკუნეში, მბაპე პირველი თინეიჯერია, რომელმაც მუნდიალის ფლეი-ოფის ერთ შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო.
ამასთანავე, ფრანგმა თავდამსხმელმა პელეს მაჩვენებელი გაიმეორა და მე-2 თინეიჯერია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ თამაშში 2 ბურთი შეაგდო.

2 ბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ, არგენტინამ გარისკა და სამპაოლიმ ბოლო 25 წუთში მოედანზე სერხიო აგუეროც გამოიყვანა, თანაც მან საყრდენი, ენცო პერესი ჩაანაცვლა.
სამხრეთ ამერიკელებმა რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ დამატებულ წუთებამდე, ანგარიშის შემცირება ვერ შეძლეს.
ირანელმა რეფერიმ, ალირეზა ფაღაზიმ, რომელმაც საქმეს თავი მშვენივრად გაართვა, თამაშს 4 წუთი დაამატა და როცა კიდევ 1 წუთი რჩებოდა, მესიმ მცველების ზურგს უკან ჩააწოდა, სადაც სერხიო აგუერომ შეირბინა და თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში, 4:3 დააფიქსირა.

შესანიშნავი სანახაობა და მართლაც დაუვიწყარი შეხვედრა! მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესის გარეშე დარჩა, თუმცა ფრანგების ბრწყინვალე გუნდი და ნამდვილი "ოქროს ბიჭუნა" კილიან მბაპე ასპარეზობას აგრძელებენ.
საფრანგეთის ნაკრების მომდევნო მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთში ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ.