''ბედნიერი ვარ, ამბიციურ გუნდში მოვხვდი'' - ებრალიძე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში
პორტუგალიის ელიტარული საფეხბურთო ლიგის კლუბ ''შავეშის'' შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე ჩაირიცხა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ებრალიძემ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
''ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. ჩემი სურვილი ამბიციურ გუნდში თამაში იყო და ''შავეში'' სწორედ ასეთი კლუბია. გუნდის მიზანი მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაა. ძალიან გახარებული ვარ, მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას. ქომაგს ვპირდები საქმისადმი პროფესიულ მიდგომას და მაქსიმალურად ვეცდები გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო'' - აღნიშნა ავთო ებრალიძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში.

''შავეში'' საკმაოდ ძლიერი კლუბია. 1949 წელს დაარსებულმა კლუბმა გასულ სეზონში პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა.
26 წლის მოთამაშე პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 2013-15 წლებში ''ჟილ ვისენტეს'' მაისურით ასპარეზობდა. პორტუგალიის ელიტარულ ჩემპიონატში 39 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ''პაკოშ ფერეირას'' შეუგდო. სწორედ აღნიშნულ პერიოდში ებრალიძე საქართველოს ეროვნულ გუნდში მოხვდა და თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ებრალიძემ გასული სეზონი პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის ''ვიზეუში'' გაატარა. ავთომ 29 მატჩში 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ ''ვიზეუ'' თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ასე რომ ''შავეშის'' ფეხბურთელში სატრანსფერო თანხა არ გადაუხდია.

გასულ სეზონში ებრალიძემ ''ვიზეუს'' მაისურით საუკეთესო გოლი 37-ე ტურში ''პენაფიელს'' გაუტანა. 27-ე წუთზე 26 წლის ქართველმა შემტევმა შესანიშნავი დრიბლინგით საოცარი გოლი შექმნა, რომელსაც პორტუგალიური სპორტული მედია გამოეხმაურა. აღნიშნულთან დაკავშირებით იხილეთ: ''გენიალური ავთო ებრალიძე'' - პორტუგალიური მედია ქართველის გოლს ეხმაურება