''გენიალური ავთო ებრალიძე'' - პორტუგალიური მედია ქართველის გოლს ეხმაურება
Aa
Aa

''გენიალური ავთო ებრალიძე'' - პორტუგალიური მედია ქართველის გოლს ეხმაურება

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 37-ე ტურში ''ვიზეუმ'' სტუმრად ავთო ებრალიძის ბრწყინვალე გოლით ''პენაფიელი'' დაამარცხა. 27-ე წუთზე 26 წლის ქართველმა შემტევმა, რომელსაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას უთამაშია, შესანიშნავი დრიბლინგით საოცარი გოლი შექმნა, რომელსაც პორტუგალიური სპორტული მედია გამოეხმაურა.

''ჟილ ვისენტეს'' ყოფილი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში ''ვიზეუს'' შეუერთდა. პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

ებრალიძის გოლი ''პენაფიელთან''

Jornal de Notícias - ''გენიოსმა ავთომ ბოლო მოუღო ''პენაფიელის'' ოცნებას''  

''პენაფიელს'' პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში აღზევების შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელის გამარჯვების გოლმა შანსი დაუკარგა.

A BOLA - ''ავთო ებრალიძემ ულამაზესი გოლით გადაწყვიტა თამაშის ბედი''

O Jogo - ''საოცარი ავთო''

 

მატჩის შემდეგ ავთო ებრალიძე პორტუგალიურ ტელევიზიას ესაუბრა.

როგორ გრძნობ თავს გამარჯვების შემდეგ?

- ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. სამი ქულისთვის ჩამოვედით და ბედნიერი ვარ რომ მიზანს მივაღწიეთ. უმაღლეს ლიგაში აღზევება უშუალო კონკურენტებზეა დამოკიდებული. ვიდრე უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოხარული ვარ რომ გამარჯვების გოლი გავიტანე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. ბედნიერი ვარ რომ დღევანდელ გამარჯვებაში გუნდს დავეხმარე. (crystalsport: ''ვიზეუს'' უშუალო კონკურენტმა ''სანტა კლარამ'' ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გამარჯვება მოიპოვა და ელიტაში აღზევდა. ''ვიზეუ'' შემდეგ სეზონს კვლავ სეგუნდა ლიგაში გაატარებს. სავარაუდოდ ქართველი ფეხბურთელი გუნდს დატოვებს).

 

ებრალიძის გოლები მიმდინარე სეზონში

 

ავთო ებრალიძე ირიცხებოდა ესპანური ''ხეტაფეს'' 19 წლამდე გუნდში (2009-10).  2010-11 წლებში პორტუგალიის რანგით მეოთხე დივიზიონის ''ლაგოსში'' ასპარეზობდა. შემდეგი სეზონი რანგით მესამე ლიგის ''ჟუვენტუდე ევორაში'' გაატარა, რასაც მოჰყვა ტრანსფერი ''ოლივეირენსეში,'' რომელიც სეგუნდა ლიგაში გამოდიოდა. 2013-15 წლებში ებრალიძე პორტუგალიის ელიტარულ ლიგაში ''ჟილ ვისენტეს'' მაისურით თამაშობდა.

პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში თამაშის პერიოდს უკავშირდება საქართველოს ეროვნულ გუნდში მიწვევა. თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას ებრალიძემ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 2013 წელს იმდროისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშა.

2017 წლის ზაფხულში ებრალიძემ ''ჟილ ვისენტე'' დატოვა და კარიერა ''ვიზეუში'' გააგრძელა, თუმცა სავარაუდოდ ზაფხულში გუნდს დაემშვიდობება, რადგან ''ვიზეუმ'' უმაღლეს ლიგაში აღზევების შანსი დაკარგა.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები