დიდი მატჩის წინ! საფრანგეთი VS არგენტინა - ტაქტიკა, ისტორია, პლუსები და მინუსები
Aa
Aa

დიდი მატჩის წინ! საფრანგეთი VS არგენტინა - ტაქტიკა, ისტორია, პლუსები და მინუსები

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალები იწყება და პირველი შეხვედრა ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს - ყაზანში ერთმანეთს საფრანგეთი და არგენტინა დაუპირისპირდებიან.

წყვილში ფავორიტად საფრანგეთი ითვლება, თუმცა არგენტინას ჰყავს ერთი მოთამაშე, რომლისგანაც სასწაულის მოხდენა ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი.

საფრანგეთის ნაკრები, რომ უდიდეს პოტენციალს ფლობს ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა "მამლებს" ეს ჯერ არ უჩვენებიათ.

დიდიე დეშამის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ძალიან პრაგმატულად გამოიყურებოდა და ამ ფაქტმა ქომაგების უკმაყოფილებაც გამოიწვია.

არგენტინამ კი წნეხი დაძლია და ჯგუფიდან გასვლა შეძლო. ხორხე სამპაოლის გუნდს უდიდესი ტვირთი მოეხსნა და ახლა მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან სახიფათო იქნება.

ტაქტიკა

საფრანგეთი

დეშამმა პირველი შეხვედრის შემდეგ შემადგენლობაში ორი ცვლილება მოახდინა. უსმან დემბელე და კორენტინ ტოლისო თადარიგში დარჩნენ და მათ ნაცვლად მოედანზე ოლივიე ჟირუ და ბლეზ მატუიდი გამოჩნდნენ.

საფრანგეთის ნაკრების ყველაზე სუსტი წერტილი დაცვის ფლანგებია - ლუკას ერნანდესი და ბენჟამინ პავარი არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან.

ფრანგების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე, პოგბა, მატუიდი, გრიზმანი, მბაპე, ჟირუ.

მოედნის ცენტრს კანტე და პოგბა გაამაგრებენ, მათთან ყველაზე ახლოს ბლეზ მატუიდი იქნება, რომელიც შეტევების დროს მარცხენა ფლანგზე მოქმედებს, ხოლო თავდაცვისას ის ჩამშლელის ფუნქციებს ასრულებს.

ცენტრფორვარდად რა თქმა უნდა ჟირუ ითამაშებს. მარჯვენა ფლანგიდან კი მბაპე შეუტევს.

მოედანზე სრული თავისუფლება ენიჭება ანტუან გრიზმანს, რომელსაც პოგბასთან ერთად შეტევების ორგანიზება ევალება.

დეშამის გუნდი მარცხენა ფლანგიდან იშვიათად უტევს და ეს შემადგენლობიდანაც ნათლად ჩანს. ჩაშლაზე ორიენტირებული მატუიდი და ამპლუით ცენტრალური მცველი ერნანდესი.

დიდიე დეშამის მთავარი ამოცანა მესის შეჩერება იქნება. ყველას კარგად ესმის, რომ თუ მესი გააჩერეს არგენტინელთა შანსები მინიმუმამდე დაეცემა.

კანტე, მატუიდი, პოგბა, უმტიტი და ვინ იცის კიდევ ვინ - მესის მოედანზე ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემენ.

გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L'equipe-მა მთავარ გვერდზე მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კანტეს, უმტიტის, პოგბას, ვარანის ადა პავარის გარემოცვაშია. სათაური ასეთია - "ეს არ მოხდება"!

არგენტინა

არგენტინელების პასუხმა არ დააყოვნა და Ole-მ თავისი პირველი გვერდიდან ფრანგებს უპასუხა - "მოხდება"!

"ალბისელესტე" დღეს დიდი ალბათობით ნიგერიასთან მოთამაშე თერთმეტეულით წარსდგება.

შემადგენლობაში მხოლოდ ერთ ცვლილებას ვარაუდობენ - გონსალო იგუაინი შესაძლოა კრისტიან პავონმა შეცვალოს და ლეო მესი თავის ძველ პოზიციას ცრუ ცხრიანს დაუბრუნდეს.

მასკერანო, ბანეგა, პერესის ტრიო მოედნის ცენტრის გადაკეტვას შეეცდება. ასეთ შემთხვევაში შემტევი ტრიო უფრო სახიფათო გახდება.

პრესაში იწერებოდა, რომ დაცვის ცენტრში შესაძლოა ფედერიკო ფასიოს ეთამაშა, რადგან ფრანგებს მეორე სართულზე ძალიან ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. განსაკუთრებით დიდ საფრთხეს ოლივიე ჟირუ წარმოადგენს, რომელსაც ოტამენდი-როხოს დუეტთან სიმაღლეში უპირატესობა ექნება.

ხორხე სამპაოლის გუნდი მაღალი პრესინგის თამაშს შეეცდება. არგენტინელები ფრანგებს დომინირების საშუალებას არ მისცემენ და მათ მოედნის ცენტრში მაქსიმალურად შეავიწროებენ.

სამხრეთ ამერიკელებს სხვა გზა და შანსი უბრალოდ არც აქვთ. თუ, საფრანგეთმა თავისი ფეხბურთის ჩვენება შეძლო, მათი შეჩერება თვით მესისაც გაუჭირდება.

"ალბისელესტეს" სავარაუდო შემადგენლობა ასე გამოიყურება: არმანი, ოტამენდი, როხო, ტალიაფიკო, მერკადო, მასკერანო, ბანეგა, ენცო პერესი, დი მარია, მესი, იგუაინი (ან პავონი).

ხორხე სამპაოლიმ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა და გუნდი პენალტების დარტყმაში ავარჯიშა.

არგენტინა ყველანაირი სცენარისთვის ემზადება.

საინტერესოა, რომ სამივე მეკარემ მხოლოდ 2-2 პენალტის მოგერიება შეძლო.

ვილი კაბალიერო - 2/7

ნაუელ გუსმანი - 2/10

ფრანკო არმანი - 2/17

 

ისტორია

საფრანგეთი და არგენტინა ისტორიაში ერთმანეთს სულ 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 6 შემთხვევაში გამარჯვება ფრანგებს დარჩათ, 2-ჯერ არგენტინამ მოიგო, ხოლო 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრებიდან ოფიციალური მხოლოდ 2 იყო და სამხრეთ ამერიკელებმა ორივეჯერ იმარჯვეს.

1930 წლის მუნდიალზე არგენტინამ საფრანგეთი 1:0 დაამარცხა.

1978 წლის მუნდიალზე გუნდები კვლავ გადაეყარნენ ერთმანეთს და ამჯერადაც არგენტინამ მოიგო - 2:1

დღევანდელ შეხვედრას უდიდესი მოლოდინი აქვს და იმედი ვიქონიოთ, რომ ქომაგები დიდი სანახაობის მომსწრენი გახდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები