კრესპო:
Aa
Aa

კრესპო: "ფავორიტი საფრანგეთია"

არგენტინელმა თავდამსხმელმა და ამჟამად მწვრთნელმა, ერნან კრესპომ მუნდიალის 1/8 ფინალური მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა და საფრანგეთი-არგენტინის წყვილში ფავორიტად ევროპელები დაასახელა.

კრესპომ, რომელმაც "ალბისელესტესთან" ერთად 3 მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, ამავდროულად, იმედი გამოთქვა, რომ მის თანამემამულეებს "სამფეროვნების" დამარცხების შანსი ექნებათ.

"ბევრი იმედგაცრუების შემდეგ, ჯგუფიდან გასვლა შესანიშნავი შედეგი იყო. იმედი მაქვს, რომ შაბათს ფრანგების დამარცხების შანსი გვექნება, თუმცა ეს ადვილი არ იქნება, რადგან ამ სიტუაციაში, ფავორიტად სწორედ ისინი უნდა მივიჩნიოთ.

ისინი ამ სტადიამდე ჩვენზე უკეთესად მოვიდნენ და ჩანს, რომ მათი არსენალი ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოვლენილა. 

ჩვენ მატჩიდან მატჩამდე მომატება უნდა ვცადოთ და არავინ იცის რა მოხდება. ერთი ფაქტია, რომ არგენტინასთან ტურნირის ამ ეტაპზე შეხვედრა, საფრანგეთისთვისაც დიდი პრობლემაა". 

კრესპო ვარაუდობს, რომ "ალბისელესტეს" ნიგერიასთან მოპოვებული რთული გამარჯვება წნეხს შედარებით მოუხსნის და ფეხბურთელები უფრო თავისუფლად ათამაშდებიან.

"რაც ნიგერიასთან მოხდა, ნორმალურია. მატჩის შემდეგ, ბევრი ფეხბურთელი ტიროდა კიდეც. მართლაც დიდი წნეხი იყო, როცა ისინი იაზრებდნენ, რომ შეიძლებოდა 1/8 ფინალს მიღმა დარჩენილიყვნენ.

იმედია, ეს გამარჯვება მათ წნეხს მოუხსნის და საფრანგეთთან მატჩისას საუკეთესო თვისებების გამოვლენას შეძლებენ". - ამბობს 42 წლის კრესპო, რომელიც 2015-16 წლებში იტალიური "მოდენას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ერნან კრესპო არგენტინის ნაკრების ღირსებას 1995-2007 წლებში იცავდა და მისი მაისურით ჩატარებულ 64 შეხვედრაში 35 გოლის გატანა შეძლო.

საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები 30 ივნისს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ყაზანში, "ყაზან არენაზე" ითამაშებენ, მატჩს კი ირანელი რეფერი, ალირეზა ფაგანი განსჯის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები