Aa
Aa

შვეიცარია მერვედფინალში დაუმარცხებლად გავიდა - წინ შვედეთთან მატჩია !

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის E ჯგუფის მესამე ტურში შვეიცარიის ნაკრებისა და კოსტა რიკას დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. შვეიცარია 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, მხოლოდ ბრაზილიას ჩამორჩა, რომელმაც ჯგუფური ეტაპი 7 ქულით დაასრულა. შვეიცარიელები მერვედფინალში შვედებს შეხვდებიან.

31-ე წუთზე გაიხსნა ანგარიში, როცა ლიხშტაინერის ფლანგურ ჩაწოდებასა და ემბოლოს მეორე სართულზე მოგებულ ორთაბრძოლას ჯემაილის ზუსტი დარტყმა მოჰყვა.

პირველი ტაიმი კოსტა რიკას მარცხით დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. 56-ე წუთზე კემპბელის შესრულებული კუთხურის შემდეგ კენდალ უოსტონმა წონასწორობა თავური დარტყმით აღადგინა - 1:1.

88-ე წუთზე შვეიცარიის ნაკრები მეორედ დაწინაურდა. პეტკოვიჩის გუნდის სწრაფი შეტევა ზაქარიას ფლანგური გადაცემით განვითარდა და დრმიჩის ზუსტი დარტყმით დასრულდა.

მესამე დამატებულ წუთზე ჟოელ კემპბელის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. შვეიცარიის ნაკრების საჯარიმოში კემპბელი თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს. თერთმეტმეტრიანი რუიზმა შეასრულა, ბურთი კარის ძელს მოხვდა, მაგრამ შემდეგ იან ზომერს შეეხო, მიმართულება შეიცვალა და კარის ბადეში აღმოჩნდა - 2:2.

 შვეიცარიის ნაკრები ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიას ქულები აართვა. პირველ ტურში ბრაზილიასთან ფრედ ითამაშა, შემდეგ სერბეთი 2:1 დაამარცხა, დღეს კი კოსტა რიკასთან ქულა მოიპოვა.

შვედეთისა და შვეიცარიის მერევედფინალური შეხვედრა 3 ივნისს პეტერბურგში შედგება.

მსგავსი სიახლეები