ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა. დღის პირველი მატჩი ინგლისსა და პანამას შორის შედგა. „სამმა ლომმა“ საოცრად იასპარეზა და მეტოქე 6-1 გაანადგურა. საღამოს  მაყურებელთა ყურადღება H ჯგუფისკენ იყო მიმართული, კოლუმბიამ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და პოლონეთი ჯგუფურ ეტაპზე ჩატოვა, ხოლო იაპონიამ და სენეგალმა ფრედ 2-2 ითამაშეს და მერვედფინალში გასვლის შანსები შეინარჩუნეს.

შეხვედრას კოლუმბიელი ლეგენდები დაესწრნენ

საკუთარი ნაკრების საქომაგოდ „ყაზანის არენაზე“ კოლუმბიელი ლეგენდები მივიდნენ. რენე იგიტა მატჩის დაწყებამდე ავტოგრაფებს არიგებდა, გულშემატკივრებს ესალმებოდა და მათ გუნდის გამარჯვებაში არწმუნებდა. „მორიელის დარტყმის“ ავტორთან ერთად სტადიონზე მეორე კოლუმბიელი ლეგენდა, კარლოს ვალდერამა, გამოჩნდა. მას 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კოლუმბიის ნაკრების საშინაო ფორმა ეცვა და ეროვნულ გუნდს იგიტასთან ერთად გულშემატკივრობდა.

სტადიონის დალაგების ტრენდი გრძელდება

იაპონელი და სენეგალელი გულშემატკივრების მიერ გახსნითი მატჩების შემდეგ სტადიონის დალაგების კადრები ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიტუაცია არც იაპონია-სენეგალის მატჩის დასრულებისას შეცვლილა, ქომაგები შეხვედრის შემდეგ დარჩნენ და სტადიონის დალაგება დაიწყეს. ზოგიერთმა მათგანმა საათობით იცადა და სტადიონის დასუფთავებას სტიუარდებთან ერთად შეუდგა.

ისტორიული მატჩი

იაპონიისა და სენეგალის დაპირისპირება მუნდიალის ისტორიაში შევიდა, თან ისე, რომ ადგილი ორივე ნაკრებმა დაიმკვიდრა. სენეგალელთა მარჯვენა მცველი, მუსა ვაგე, ყველაზე ახალგაზრდა აფრიკელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა მოახერხა. „ტერანგას ლომების“ ფეხბურთელმა „ლურჯი სამურაის“ კარი 19 წლის და 263 დღის ასაკში აიღო. ვაგემ დრამან ჰამინუს რეკორდი გააუმჯობესა, ამ უკანასკნელმა 2006-ში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს 20 წლის და 82 დღის ასაკში გაუტანა.

იაპონელთა მხრიდან თავი შეცვლაზე შემოსულმა ჰონდამ გამოიჩინა, კეისუკე ყველაზე ასაკოვანი იაპონელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა მოახერხა. ჰონდამ 20 წლის წინ მასაში ნაკაიამას დამყარებული რეკორდი დაამხო.

ჰონდა ისტორიაში შევიდა

ჰონდამ კიდევ ერთი ისტორიული მიღწევა გაიფორმა. კეისუკე ყველა დროის საუკეთესო აზიელი ბომბარდირი გახდა. „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა 2010 წელს 2, 2014-ში 1 და 2018-ში 1 ბურთი შეაგდო და 4 გოლით ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სამ-სამ ბურთი, 2002 წელს „პერუჯადან“ გამოგდებულ ან იუნ ჰვანს, „მანჩესტერელ“ პარკ ჯი-სუნს და საუდის არაბეთის ფორვარდს სამი ალ-ჯაბერს, აქვთ გატანილი.

მანე სენეგალის თილისმაა

როდესაც სადიო მანეს გოლი გააქვს, სენეგალის ნაკრები არ აგებს. „ლივერპულის“ შემტევმა 14 სანაკრებო შეხვედრაში გაიტანა და აქედან „ტერანგას ლომებმა“ 9 მოიგეს და 5 ფრედ ითამაშეს.

გოლების წვიმა

2018 წლის 24 ივნისი ინგლისის ნაკრების ისტორიაში ჩაიწერება. მუნდიალზე ამ დღეს „სამმა ლომმა“ საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა და მეტოქე 6-1 გაანადგურა. ამასთან ერთად გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე 1990 წლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი გავიდა. ინგლისსა და პანამას მატჩში 7 გოლი ვიხილეთ, იაპონიამ და სენეგალმა ორ-ორი გაიტანეს, ხოლო კოლუმბიამ 3 შეაგდო.

16 წლის შემდეგ დარტყმული თერთმეტმეტრიანი

მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისი თერთმეტმეტრიანის მიღებას 16 წელი ელოდა. „სამმა ლომმა“ ბოლოს პენალტი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაარტყა. მიუხედავად ამხელა პაუზისა კეინმა თერთმეტმეტრიანი შესანიშნავად შეასრულა და პანამელ მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები