მესის ყველაზე მწარე დაბადების დღე - არგენტინის ნაკრებში დიდი კონსენსუსი შედგა!
ლეო მესი 31 წლის გახდა. ალბათ, მის ცხოვრებაში ეს ყველაზე მწარე დაბადების დღეა...
ფაქტიურად მთელი საფეხბურთო სამყარო მესის აკრიტიკებს. მისი მენტალობა და ლიდერის თვისებები ბოლო დღეებში განხილვის მთავარი თემაა.
ნიგერიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩამდე 2 დღე რჩება და არგენტინელთა ბანაკიდან როგორც იქნა კარგი ინფორმაციაც გავრცელდა.
არგენტინული და ესპანური გამოცემების მტკიცებით ფეხბურთელები, ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია და მთელი სამწვრთნელო შტაბი ერთმანეთს შეხვდა.

ხსენებული შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც ნიგერიამ ისლანდია დაამარცხა. ფეხბურთელებმა ერთმანეთში მოითათბირეს და ზემოხსენებული შეკრების მოწყობაზე შეთანხმდნენ.
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს არგენტინის ნაკრების მოთამაშეებმა ფედერაციის პრეზიდენტს ხორხე სამპაოლის გადაყენება მოსთხოვეს უარყოფილია.
ფეხბურთელებმა ამის შესახებ შეხვედრაზე განაცხადეს, რის შემდეგაც დიდი კონსესუსი შედგა.
არგენტინელებმა პრობლემები გვერდით გადადეს და ერთად დგომა გადაწყვიტეს.

ფეხბურთელებმა ხსენებულ შეხვედრაზე სამპაოლის თავიანთი მოთხოვნები წარუდგინეს. კერძოდ, მათ სავარჯიშო პროცედურების რამდენიმე ნაწილი არ მოსწონთ და მის შეცვლას ითხოვენ.
ის ინფორმაცია, რომ თითქოს შემადგენლობას მესი და მასკერანო დააყენებდნენ უარყოფილია! როგორც ჩანს, ყველაფერი ჭორი გამოდგა.
წყარო ასევე არგენტინელთა სავარაუდო შემადგენლობასაც ავრცელებს, რომლითაც შესაძლოა „ალბისელესტე“ ნიგერიას დაუპირისპირდეს.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ არგენტინა 4-3-3 სქემით ითამაშებს. ვილი კაბალიერო თადარიგში დარჩება და ძირითადში "რივერ პლეიტის" მეკარე ფრანკო არმანი იქნება.
უკანა ხაზის დაკომპლექტების ორი ვარიანტი არსებობს. ტალიაფიკო, ოტამენდი, მერკადო და სალვიო.
შესაძლოა მერკადოსა და ტალიაფიკოს ნაცვლად ფასიომ და როხომ ითამაშონ, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა.
რაც შეეხება ნახევარდაცვას, ცენტრში 3 მოთამაშე იდგება - მასკერანო, ენცო პერესი და ევერ ბანეგა.
სამპაოლი პერესსა და ბილიას შორის არჩევანს გააკეთებს. როგორც ჩანს კვლავ უშანსოდ რჩება ჯოვანი ლო სელსო.
შემტევი ტრიო მესი-დი მარია-აგუეროსგან დაკომპლექტდება, თუმცა „კუნის“ ნაცვლად იგუაინის გამოჩენას არ გამორიცხავენ.
ამრიგად, "ალბისელესტეს" სავარაუდო თერთმეტეული ასე გამოიყურება: არმანი, ტალიაფიკო, ოტამენდი, მერკადო, სალვიო, მასკერანო, ენცო პერესი, ბანეგა, მესი, დი მარია იგუაინი (აგუერო).

არგენტინა აქცენტს ბურთის ფლობაზე გააკეთებს და შეეცდება ნიგერიელთა საჯარიმოსთან მეტი დრო გაატაროს. ასეთ შემთხვევაში მესი გაცილებით სახიფათო გახდება.
ის, რაც ხორვატიასთან მოხდა აღარ უნდა განმეორდეს. არგენტინელებს მესიმდე ბურთი ვერ მიჰქონდათ. ლეოს 3 ხორვატი მეურვეობდა და ფაქტიურად 90 წუთი უსაქმოდ იდგა.

ნიგერიელთა თავკაცი გერნოტ რორი აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს და შეტევაში ათლეტური ფორვარდების ნაცვლად უფრო ტექნიკურ და მოძრავ მუსა-იჰეანაჩოს დუეტს ირჩევს.
აქედან გამომდინარე დაცვის ხაზში ფასიოს ნაცვლად ოტამენდი-მერკადოს დუეტი უფრო რეალური მოსჩანს.
ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ცვლილებებზე. თუ, არგენტინამ პირველ ნახევარში ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა, დიბალას მეორე ტაიმის სტარტზევე უნდა ველოდოთ.

ხორვატიასთან შეხვედრის შემდეგ სამპაოლიმ თავისი შეცდომები აღიარა და ეს უშუალოდ მატჩის დროსაც გამოჩნდა, როდესაც დიბალა ცვლილებაზე შეუშვა.
სავარაუდოდ, მოედანზე ვეღარ ვიხილავთ მაქსი მესასა და კრისტიან პავონს. ორივე მათგანი ახალგაზრდა, ნიჭიერი და ტექნიკურია, თუმცა ასეთი დონის შეხვედრებში გამოუცდელი ფეხბურთელების მოედანზე ყოლა დამღუპველია და ეს ყველაფერი ხორვატიასთან ნათლად გამოჩნდა.
არგენტინამ ნიგერიისგან შანსი მიიღო და ახლა ისინი საკუთარი თავის იმედად არიან. დიახ, შესაძლოა ისლანდიამ მეორე შემადგენლობით მყოფ ხორვატიას მოუგოს, მაგრამ რთული დასაჯერებელია, რომ ისინი დიდი ანგარიშით გაიმარჯვებენ.
„ალბისელესტეს“ ნიგერიის მინიმუმ 2 ბურთიანი ფორით დამარცხება მართებს, რომ თავი დაიზღვიოს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესის კარიერაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას. რას იზამს ლეო - ამას 26 ივნისს 22:00 საათიდან გავიგებთ.