ემრე ჯანი ტურინშია - 24 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის
''ლივერპულში'' გატარებული 4-წლიანი პერიოდის შემდეგ ემრე ჯანი კარიერას ტურინის ''იუვენტუსში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. 24 წლის ნახევარმცველი ტურინშია და უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. მოთამაშე იტალიის ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
Welcome to Turin, Emre! ???? He's off to J | Medical! ???? ???? pic.twitter.com/TwJamqrN6o
— JuventusFC (@juventusfcen) June 21, 2018
Goal.com-ის ცნობით ჯანი იტალიის ჩემპიონთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელის წლიური ხელფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს. რამდენიმე წელია ''იუვენტუსს'' სურს ჯანის გადაბირება და საბოლოოდ ბებე მაროტამ მიზანს მიაღწია.
ჯანი ირიცხებოდა მიუნხენის ''ბაიერნის'' ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ კი ლევერკუზენის ''ბაიერის'' მოთამაშე იყო. 2014 წელს ამპლუით ნახევარმცველი ''ლივერპულს'' შეუერთდა და 4 წელი ''ენფილდზე'' გაატარა. ჯანმა პრემიერლიგაში 115 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიმდინარე წლის 17 მარტს ჯანმა ''უოტფორდთან'' შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი 27-ე წუთზე დატოვა. ჯანი მოედანს 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაუბრუნდა. იურგენ კლოპმა 24 წლის ფეხბურთელი 83-ე წუთზე ჩართო თამაშში.
''უოტფორდთან' მიღებული ტრავმის გამო ჯანმა მარტში გამოტოვა გერმანიის ნაკრების ამხანაგური მატჩები. სწორედ ტრავმა და სათამაშო დროის სიმცირე აღმოჩნდა ლიოვის გადაწყვეტილების საფუძველი და ფეხბურთელმა რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა.
