ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მეშვიდე დღე არასანახაობრივი და დაბალშედეგიანი მატჩებით გამოირჩა. სამ შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გავიდა და გამარჯვებები პორტუგალიამ, ესპანეთმა და ურუგვაიმ მოიპოვეს.
ვიკი სპარკსი ისტორიაში შევიდა
BBC-ის ჟურნალისტმა, ვიკი სპარკსმა, ისტორია დაწერა! იგი პირველი ქალი კომენტატორი გახდა, რომელმაც კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის რეპორტაჟი წაიყვანა. ვიკი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და BBC-მ მას პორტუგალია-მოროკოს კომენტატორობა ანდო.

ირანს მხარს "პოლიტიკური ლიდერები" უჭერდნენ
ესპანეთთან მატჩისას „ყაზანის არენაზე“ ირანს მხარს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი უჭერდა. აუტსაიდერების გვერდით მსოფლიოს „პოლიტიკური ლიდერებიც“ იდგნენ. ირანის სამი ქომაგი საყვარელ გუნდს ვლადიმირ პუტინის, დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის ნიღბით გულშემატკივრობდა.


ირანმა ბოლო 4 წელიწადში პირველი ოფიციალური შეხვედრა წააგო
ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ირანმა მარტივი ტაქტიკა აირჩია, გუნდმა ბურთის ფლობაზე უარი თქვა და კარის მთელი ძალებით დაცვაზე გადაერთო. დიეგო კოშტას "იღბლიანი გოლის" გაქვითვა ირანელებმა 62-ე წუთზე მოახერხეს, თუმცა თამაშში ვიდეო რეფერის ჩართვის შემდეგ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. საბოლოოდ კარლუშ კეირუშის გუნდმა უკანასკნელ 4 წელიწადში პირველი ოფიციალური მატჩი წააგო და ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსებიღა შერჩა. ირანელებს მარცხი უკანასკნელი 22 მატჩის განმავლობაში არ ჰქონდათ და ბოლოს ოფიციალური შეხვედრა ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბოსნია და ჰერცოგოვინის ნაკრებთან დათმეს.


გერეირომ ამრაბატთან ორთაბრძოლისას მიღებული სისხლჩაქცევები გამოააშკარავა
ამრაბატთან ორთაბრძოლის შემდეგ რაფაელ გერეირომ მაისური აიწია და ნორდინთან მიღებული დაზიანებები გამოააშკარავა. სისხლჩაქცევების დანახვა რთული არავისთვის ყოფილა, მიუხედავად ამისა მსაჯს ამრაბატზე წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია.


რონალდუ ჰაკიმის წინააღმდეგ
აჩრაფ ჰაკიმი „რეალის“ ფეხბურთელია და ხშირად კრიშტიანუ რონალდუს გვერდით ასპარეზობს, მაგრამ გუშინდელი შეხვედრა გამონაკლისი აღმოჩნდა. მაროკოელ მარცხენა მცველს მატჩის დიდი დროიტ გატარება ბერნანდუ სილვას წინააღმდეგ უწევდა, თუმცა რამდენჯერმე რონალდუს პირისპირაც აღმოჩნდა

სუარესმა ისტორია დაწერა
ეგვიპტესთან გამართული საშინელი მატჩის შემდეგ სუარესმა საუდის არაბეთის კარის აღება მოახერხა და ურუგვაის გამარჯვება მოუტანა. „ბარსას“ თავდამსხმელმა, რომელმაც ნაკრებში საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა, საკუთარი ისტორია დაწერა. იგი პირველი ურუგვაელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა.

აკრობატული აუტის ჩაწოდების მცდელობა
მატჩის ყველაზე საინტერესო მომენტი მსაჯის მიერ დამატებულ დროს ვიხილეთ (რომელიც ალბათ ყველა მაყურებელს დაამახსოვრდა), მილად მოჰამადს აუტის ჩაწოდების საინტერესო მცდელობა ჰქონდა, მან ჯერ ბურთს აკოცა, შემდეგ ცაში აიხედა და ბურთის თამაშში შეყვანა აკრობატული ილეთით სცადა, სამწუხაროდ მას არაფერი გამოუვიდა და აუტის ტრადიციულ სტილში ჩაწოდება მოუწია.