კრიშტიანუ რეკორდუ! - პორტუგალიელის მორიგი შესანიშნავი მიღწევა!
მოსკოვში, "ლუჟნიკებზე", პორტუგალიის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მაროკოს წინააღმდეგ მოიპოვა.
საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავად, შეხვედრის მე-4 წუთზე კრიშტიანუ რონალუს მიერ გატანილი გოლი, ერთადერთი აღმოჩნდა და ფერნანდო სანტოსის გუნდმა საჭირო 3 ქულა აიღო.
პორტუგალიელთა კაპიტანმა ამ გოლით, ფერენც პუშკაშის რეკორდი გააუმჯობესა და ევროპულ ნაკრებთა საუკეთესო ბომბარდირთა შორის, პირველ ადგილზე გადაინაცვლა. პუშკაშის ანგარიშზე 84 სანაკრებო გოლია, კრიშტიანუმ კი დღეს თავისი 85-ე სანაკრებო შედეგიანი დარტყმა შეასრულა.
????????RECORD! Cristiano Ronaldo becomes Europe's all-time top international scorer with 85 goals ???????????? pic.twitter.com/ulg92h1TKp
— UEFA Nations League (@UEFAEURO) June 20, 2018
მსოფლიოს მასშტაბით, სანაკრებო მატჩებში გატანილი გოლების რეკორდი ირანელ ალი დაეის ეკუთვნის, რომელმაც 1993-2006 წლებში, ნაკრების მაისურით 109 გოლი შეაგდო.
ამასთანავე, რონალდუ მე-2 პორტუგალიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მცირე 4 გოლი გაიტანა. 1966 წლის ჩემპიონატზე, ეუსებიომ 9 გოლის გატანა შეძლო.
მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავმა მატჩის მე-4 წუთზე, ჟოაო მოუტინიოს ჩაწოდებულის შემდეგ ისარგებლა. მან საჯარიმოში კარგი პოზიცია შეარჩია, მცველებს დაუძვრა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.
კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. მას 1 გოლით დენის ჩერიშევი ჩამორჩება, 2-2 გოლი კი დიეგო კოშტამ, არტიომ ძიუბამ, ჰარი კეინმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს.