მძიმედ, მაგრამ მაინც 3 ქულით!.. - ურუგვაის ხიმენესმა უშველა
მუნდიალის A ჯგუფის მე-2 შეხვედრაში, ეგვიპრის ნაკრები ურუგვაის დაუპირისპირდა და მოჰამედ სალაჰის გარეშე ქულის აღებასთან ძალიან ახლოს იყო.
ურუგვაელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და რამდენიმე კარგი მომენტიც შეექმნათ, თუმცა გამოჩნდა, რომ ოსკარ ტაბარესის გუნდს შემოქმედებითი ფეხბურთის თამაში უჭირს და მისი კოზირი მეტწილად ძალისმიერი თამაში და ფიზიკური მომზადებაა. ასევე, სტანდარტული სიტუაციებისა და მაღალი ჩაწოდებების ეფექტურად გამოყენება.
შეხვედრის სტარტზე უპირატესობას ურუგვაი ფლობდა და პირველი მომენტიც მან შექმნა. ფლანგიდან ჩაწოდებულის შემდეგ, ლუის სუარესმა არაზუსტად დაარტყა. ზოგადად, "ბარსას" ფორვარდმა საკმაოდ სუსტი თამაში ჩაატარა.

რამდენიმე ნახევარმომენტს თუ არ ჩავთვლით, ტაიმის დარჩენილი ნაწილი მშვიდად წარიმართა და გუნდების შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ. ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი იმავე სუარესს შეექმნა, რომელმაც დაახლოებით 2 მეტრიდან ვერ გაიტანა.
მეორე ნახევარიც დაახლოებით იგივე სცენარით მიმდინარეობდა. ურუგვაი გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა უკბილოდ უტევდა, ეგვიპტე კი წინ იშვიათად მიდიოდა.
საბოლოოდ, ყველაფერი 90-ე წუთზე გადაწყდა, როცა სანჩესის ჩაწოდების შემდეგ, ხიმენესი ძალიან მაღლა ახტა და ზუსტი თავური დარტყმით, მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
ურუგვაიმ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და რუსეთის ნაკრებთან ერთად, ჯგუფის ლიდერი გახდა - ორივე გუნდს 3-3 ქულა აქვს.