სანქციების გამო Nike-მა ირანის ნაკრების ბუცებით მომარაგება შეწყვიტა
ირანელ ფეხბურთელებს, რომლებიც ტრადიციულად Nike-ის ბუცებით თამაშობენ, რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „საფეხბურთო ფეხსაცმლის“ ყიდვა ან კოლეგებისგან თხოვნა მოუწიათ.

სპორტული ტანისამოსის გიგანტმა ირანის ნაკრებს ბუცებით მომარაგება ამერიკის სანქციების გამო შეუწყვიტა. ა.შ.შ-სა და ირანს შორის პრობლემა ბირთვულ იარაღთან და მის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხებია.

Nike-მა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გამო, ჩვენ, როგორც ამერიკულ კომპანიას ირანის ნაკრების ბუცებით მომარაგება აგვეკრძალა. სანქციები დიდი ხანია ძალაშია და ისინი კანონითაა გამყარებული“.
კომპანიებს კი, რომლებიც მათ დაარღვევენ სერიოზული ფინანსური ჯარიმები დაეკისრებათ.

განცხადების მეორე ნაწილმა ირანის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დააბნია. თუ სანქციები დიდი ხანია დაწესებულია, მაშინ ბუცების მომარაგება 2014 წელს პრობლემად რატომ არ ქცეულა? ფედერაციის მმართველებმა ფიფას წერილი გაუგზავნეს და პრობლემების აღმოფხვრა მოთხოვეს.

სიტუაციის ასეთმა განვითარებამ ირანის ნაკრების მწვრთნელი, კარლუშ კეირუში გააცოფა და კომპანიას ბრალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში დასდო.
„ფეხბურთელები კონკრეტულ სპორტულ ეკიპირებას არიან შეჩვეული და ახლა მათი შეცვლა გუნდზე კარგად ნამდვილად არ იმქომედებს. ჩვენ უბრალო მწვრთნელები და მოთამაშეები ვართ და ვფიქრობ კომპანიის ასეთი გადაწყვეტილება არასწორია. ფიფას დახმარების მისაღებად აუცილებლად მივმართავთ“.
Nike-ის გადაწყვეტილებამ ბევრი ირანელი გულშემატკივარი გააბრაზა და მათ “ტვიტერზე“ #NotoNike აქცია წამოიწყეს. რაც შეეხება ფეხბურთელებს ESPN-ის ინფორმაციით ზოგიერთმა ბუცები კლუბის არაირანელი თანაგუნდელებისგან ითხოვა, ზოგმა მაღაზიაში იყიდა და ზოგმა მეგობრების დახმარებით იშოვა.
