Aa
Aa

იოლად და ლამაზად - რუსეთმა მუნდიალი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო

მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სახელობის სტადიონზე გაიხსნა. A ჯგუფის პირველ ტურში, რუსეთის ეროვნული ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.

ოფიციალური მონაცემებით, გახსნით მატჩს 78 011 გულშემატკივარი დაესწრო. მათ შორის გახლდათ რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მცველი, გიორგი ჯიქია, რომელიც ტრავმირებულია და მუნდიალზე ვერ მოხვდა.

მუნდიალი ცნობილმა ინგლისელმა მომღერალმა, რობი უილიამსმა გახსნა, რის შემდაგაც არგენტინელი რეფერი, ნესტორ პიტანა ფეხბურთელებს მინდორზე გაუძღვა.

მატჩის პირველი წუთები საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ბევრი შეცდომითა და არაერთი შეჩერებით. გააზრებული პოზიციური შეტევების წარმართვა ორივე გუნდს უჭირდა.

ნელ-ნელა კლასში სხვაობა გამოიკვეთა. არაბები საკუთარ ნახევარზე საკმაოდ დიდ ზონებს ტოვებდნენ, რითაც რუსებმა პირველად მე-12 წუთზე ისარგებლეს.

მასპინძელთა ერთ-ერთმა ყველაზე ტექნიკურმა და კრეატიულმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ გოლოვინმა ბრწყინვალე პასი გააკეთა, რასაც 2018 წლის ჩემპიონატის პირველი გოლი მოჰყვა. თავი იური გაზინსკიმ გამოიჩინა. „კრასნოდარის“ ნახევარმცველმა ზუსტი თავური დარტყმა შეასრულა.

 

24-ე წუთზე უსიამოვნო ეპიზოცის ვიხილეთ. რუსეთის ნაკრების ლიდერ ალან ძაგოევს თამაშის მიმდინარეობისას კუნთი დაეჭიმა და მოედნის დატოვება მოუწია. მის მაგივრად მოედანზე დენის ჩერიშევი გამოვიდა და მატჩის გამორჩეულ მოთამაშედაც იქცა.

 

რუსებმა საკუთარი ნახევარი გაამაგრეს და წინ მაშინ მიდიოდნენ, როცა ამის შანსი მიეცემოდათ. ეს კი ხშირად ხდებოდა, რადგან არაბებს უამრავი ტექნიკური წუნი ჰქონდათ.

43-ე წუთზე იმავე ჩერიშევის შედევრის მოწმე გავხდით, როცა „ვილიარეალის“ შემტევმა გადაცემა მიიღო, ორი მცველი ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა და ახლო კუთხეში ძლიერი დარტყმით შეაგდო.

 

შეხვედრა მშვიდ რიტმში გაგრძელდა, მორიგი გოლი კი 71-ე წუთზე გავიდა, როცა გოლოვინმა მე-2 ასისტი მიითვალა, თავური დარტყმით არტიომ ძიუბამ შეაგდო.

აღსანიშნავია, რომ მუნდიალის განაცხადში მოხვედრილ ფეხბურთელთაგან, ნაკრების ფორმით 10-ზე მეტი გოლი მხოლოდ ძიუბასა და სმოლოვს აქვთ გატანილი - ძიუბას 23 მატჩში 12 და სმოლოვს 31 მატჩში - 12.

 

დენის ჩერიშევმა მორიგი ლამაზი დარყმა 91-ე წუთზე შეასრულა, როცა შორეულ ცხრიანს დაუმიზნა და დუბლი ჩაიწერა.

მადრიდის „რეალის“ სკოლის აღზრდილი ჩერიშევი, ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

 

თანაგუნდელს არ ჩამორჩა ალექსანდრ გოლოვინიც, რომელმაც შეხვედრის ბოლო ეპიზოდში ჯარიმიდან გაიტანა.

„ცსკას“ ნახევარმცველმა ტრიბუნაზე მყოფი ვლადიმერ პუტინი გააკვირვა და მართლაც შესანიშნავი გოლი შეაგდო, რითაც 2 საგოლე გადაცემას, გოლიც მიამატა.

 

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად, დენის ჩერიშევი დასახელდა, რომლის ნაკრებმაც ჯგუფში პირველი ქულები მოიპოვა და ხვალინდელ თამაშს დაელოდება - ეგვიპტის ეროვნული გუნდი ურუგვაის შეხვდება.

რუსები შემდეგ ტურში ეგვიპტეს დაუპირისპირდებიან, საუდის არაბეთის მეტოქე კი ურუგვაი იქნება.

მსგავსი სიახლეები