პაპუნაშვილის დრამატული მარცხი - ''სარაგოსამ'' ელიტაში აღზევების შანსი დაკარგა
ესპანეთის ლა ლიგაში აღზევებისთვის მებრძოლი ''სარაგოსა'' ფლეი ოფში დამარცხდა. გიორგი პაპუნაშვილის გუნდი საპასუხო მატჩში, საშინაო შეხვედრაში 1:2 დამარცხდა ''ნუმანსიასთან.'' პირველი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ასე რომ ''სარაგოსა'' შემდეგ სეზონში კვლავ ლა ლიგა 2-ში ითამაშებს.
64-ე წუთზე ''ნუმანსია'' დაწინაურდა, მე-80 წუთზე ანგარიში გათანაბრდა, თუმცა პირველ დამატებულ წუთზე ''ნუმანსიას'' ფეხბურთელმა დიამანკამ გამარჯვების გოლი შეაგდო და პაპუნაშვილის გუნდმა ლა ლიგაში აღზევების შანსი დაკარგა.
22 წლის ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა. მას გოლის გატანის ორი ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, თუმცა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხა.
პაპუნაშვილმა შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და sofascore-მა 6,3 ქულა დაუწერა, რაც ნიშნავს რომ თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო.

რაც შეეხება პირველ მატჩს, ''სარაგოსამ'' სტუმრად ''ნუმანსიასთან'' ფრედ ითამაშა. ''სარაგოსას'' სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი მოხვდა, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს. მე-40 წუთზე 22 წლის ქართველი შემტევი მეტოქესთან ორთაბრძოლისას მოედანზე დაეცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა და პაპუნაშვილს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. არბიტრის შეცდომამ ორმატჩიან დაპირისპირებაზე გავლენა მოახდინა.
sofascore-ს ვერსიით პაპუნაშვილი პირველი მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას 7,3 ქულა დაუწერეს. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ''ნუმანსიას'' მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორ გილერმოს ჩამორჩა, რომელმა 7,6 ქულა მიიღო.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი 2017 წლის ზაფხულში გახდა ''სარაგოსას'' მოთამაშე. ესპანურ ლიგაში სადებიუტო სეზონში 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. გარდა ამისა 1 გოლი სამეფო თასზე ''ლორკას'' შეუგდო. პაპუნაშვილმა ესპანეთში პირველი ჰეთ-თრიქი ''ალბასეტეს'' მე-40 ტურში შეუსრულა, დანარჩენ 4 მატჩში კი თითო-თითო გოლი შეაგდო. მას ასევე უთამაშია თბილისის ''დინამოსა'' და ბრემენის ''ვერდერის'' სარეზერვო გუნდში.