ფილოსოფია, ბურთი და მუსიკა - ინტერვიუ დავით დევდარიანთან
Aa
Aa

ფილოსოფია, ბურთი და მუსიკა - ინტერვიუ დავით დევდარიანთან

დანიური ''ორჰუსის'' ყოფილი შემტევი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დავით დევდარიანი კარიერის დასრულების შემდეგ ორჰუსში ცხოვრობს და Rønde Efterskole-ში მწვრთნელად მუშაობს. 31 წლის დევდარიანმა საფეხბურთო კარიერა ქრონიკული ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა და ამჟამად სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზეა. რესპონდენტს არაერთ თემაზე ვესაუბრეთ, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო საკითხებზე, ბავშვობის წლებზე, მუსიკაზე, ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ სირთულეებსა და სხვა თემებზე.

ინტერვიუს დაწყებამდე გეტყვით, რომ გარკვეული კითხვები დევდარიანის ინტერესებიდან გამომდინარეა შერჩეული.

- პირველი ინტერვიუ გახსოვს?

- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. რუსთავის ''ოლიმპში'' ვთამაშობდი. როგორც მახსოვს ჟურნალისტს ვაკე-საბურთალოს გადასახვევთან შევხვდი, არ მახსოვს რომელი გამოცემის ოფისი იყო. პირველ ინტერვიუზე ჩემს მეგობარ, ფეხბურთელ ჯაბა ლიპარტიასთან ერთად მივედი.

- კარიერის დასრულების შემდეგ როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე ?

-  დღეს ძირითადად შვილის მიხედვით ვგეგმავ. თუ ჩემი მეუღლე ვერ ახერხებს, ბავშვი მე მიმყავს ბაღში, მუშაობა მეტწილად საღამოს მიწევს. ბაღიდან მოსვლის შემდეგ ვარჯიშს ვგეგმავ, შემდეგ ვარჯიშზე მივდივარ და სახლში საღამოს ვბრუნდები. ოჯახთან ერთად ვახშმის შემდეგ ბავშვს ვაძინებთ, დარჩენილ დროს კი მე და ჩემი მეუღლე სიმყუდროვეში ვატარებთ. ''ამოვარდნები'' იშვიათადაა, მეტწილად ასეთი დღეებია.

- ახლა რა გეგმები გაქვს?

- მწვრთნელობა დავიწყე. ამ ეტაპზე სპორტულ კოლეჯ Rønde Efterskole-ში ვმუშაობ, სადაც საფეხბურთო ხაზის ხელმძღვანელი ვარ. დანიაში არის პროგრამა, რომლის მიხედვით მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მშობელს შეუძლია შვილი 1 წლით კოლეჯში გაუშვას.  მოსწავლეები კოლეჯში ცხოვრობენ, დამოუკიდებლობას ეჩვევიან. პროგრამა მოსწავლეთა ზრდასრულ ცხოვრებაში ინტეგრირებას ემსახურება, სავალდებულო არაა. კოლეჯში მოსწავლეები მათემატიკას, დანიურ ენასა და ლიტერატურას, ფიზიკასა და სხვა საგნებს სწავლობენ.  ამასთან ერთად მოსწავლეს შეუძლია ხაზის არჩევა. ჩვენ გვაქვს ფეხბურთის ხაზი,  ასევე ბადმინტონის ხაზი, რომელიც დანიაში საკმაოდ განვითარებულია. 

ფეხბურთისადმი დიდი ინტერესია. საფეხბურთო ხაზში მე და კიდევ ორი მწვრთნელი ვმუშაობთ. მათგან ერთი ყოფილი ფეხბურთელია, მეორე კი  პედაგოგიური მხარის დახვეწაში გვეხმარება. აქცენტის მხოლოდ სპორტულ მხარეზე გაკეთება სწორი არ იქნება, რადგან ზოგიერთ მათგანს  ფეხბურთის პროფესიულ დონეზე თამაში არ სურს, მათი ამოცანაა  სპორტსმენის პროფესიულ ცხოვრებას გემო გაუგონ. მათთან მიმართებაში აუცილებელია პედაგოგიური კუთხით სწორად მუშაობა. საბოლოო ჯამში პედაგოგიური და სპორტული ფაქტორების გათვალისწინება კარგ სინთეზს გვაძლევს.

- ბავშვობის ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება.

- მოდი, რადგან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ფეხბურთზე ვიტყვი. დიდუბეში გავიზარდე, ''დინამოს'' სტადიონთან ახლოს ვცხოვრობდი. მამაჩემი ფეხბურთის დიდი მოყვარულია. როცა ეროვნული ნაკრების თამაში იყო ხოლმე, სტადიონისკენ ყოველთვის ფეხით მივდიოდით. სტადიონისკენ მიმავალი ხალხის მასა გონებაში კარგად აღიბეჭდა. თითოეულისთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ იყო, მათთვის ფეხბურთი ბევრად უფრო მეტი იყო. 

- როგორ შეაფასებ შენს განვლილ კარიერას?

- თავს წარმატებულ ფეხბურთელად არ ვთვლი. ტრავმების გამო შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინე. თავს არ მივიჩნევ შემდგარ და წარმატებულ ფეხბურთელად. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრების წევრი ვიყავი და უცხოეთში ვთამაშობდი, ჩემს თავს კრიტიკულად ვუდგები, გაცილებით მეტი შემეძლო.

- ტრავმა, რის გამოც კარიერა დაასრულე.

- ეს იყო წელის ქრონიკული ტრავმა, რომელიც დღემდე მაწუხებს. დიდი ხანი ჯდომა მიჭირს, ასევე მიჭირს სირბილი. ტრავმა თავს მახსენებს და მზღუდავს. არაერთი დაზიანება მიმიღია, უცნაური ტრავმებიც გადავიტანე, მაგრამ წელის ტრავმამ მხოლოდ ერთხელ შემაწუხა, რაც ქრონიკული აღმოჩნდა და იძულებული გავხდი კარიერა დამესრულებინა. ეს  ბოლო წერტილი აღმოჩნდა. ეს იყო უკანასკნელი ტრავმა.

- გასულ წელს საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო. რა მოგცა ევროპაში გატარებულმა წლებმა?

 - გარკვეული საკითხების მიმართ შეხედულებები შემეცვალა. როცა ევროპულ გამოცდილებას იძენ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შორიდან უყურებ, პარალელებს ავლებ და ბევრ საკითხს კრიტიკულად უდგები. არ ვამბობ, რომ საქართველოსთან შედარებით დანიაში ყველაფერი უკეთესია, თუმცა ხედავ რომ დანიაში გარკვეულ საკითხებს განსხვავებულად უდგებიან და არჩევანის თავისუფლება გაქვს. შენში კითხვები იბადება და არჩევანს თავად აკეთებ. ეს იყო მთავარი, რაც დანიაში ცხოვრებამ მომცა.

- რა კითხვები ჩნდებოდა შენში?

- უამრავ საკითხს კრიტიკულად ვუდგებოდი, როგორც ტრადიციებს, ასევე ყოველდღიური ცხოვრების ნიუანსებს. შესაძლოა დროდადრო ჩემში სკეპტიციზმი ჩნდებოდა, თუმცა კრიტიკულმა აზროვნებამ უფრო გონებაგახსნილი გამხადა. წასვლამდე არ მეგონა თუ ეს პრობლემა მქონდა. დღეს უფრო მომწონს ჩემი თავი ვიდრე წასვლამდე.

- კარიერის ყველაზე მძიმე მომენტი.

-  კარიერის დასრულება. იმ ფაქტთან შეგუება, რომ ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი.

- კარიერის ბოლო თამაში ''ბრონდბიუსთან'' ჩაატარე. მატჩის დასრულებისას ფიქრობდი, რომ  უკანასკნელად ტოვებდი მინდორს?

- იმ მომენტში ამგვარი ფიქრი არ მომსვლია. კარიერის განმავლობაში არაერთი ტრავმა გადავიტანე და ექიმებმა ჩათვალეს, რომ წელის ტრავმა საგანგაშო არ იყო. მათ ვერ გააცნობიერეს, ვერ გაანალიზეს, რომ საქმე სერიოზულ ტრავმასთან ჰქონდათ. ფაქტია, არასწორი დიაგნოზი დამისვეს. ტკივილი რამდენიმე თვის განმავლობაში მაწუხებდა, ისინი კი მირჩევდნენ, რომ ტრავმა ვარჯიშსა და თამაშში თანდათან გაივლიდა. იმ მომენტში არ მქონდა მიზეზი, რომ მათთვის არ დამეჯერებინა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ექიმები შეცდნენ.

- ყველაზე მეტად რომელმა ვერგამოყენებულმა მომენტმა დაგწყვიტა გული?

- ფეხბურთელის კარიერაში მსგავსი რამ ხშირად ხდება. მაგალითად, როცა ვალდებული ხარ გაიტანო, მაგრამ არ გამოვა,  ბურთი აგიხტება ან კარგად ვერ მოარტყამ, რის გამოც შესაძლოა ვერ მოიგო ან სულაც წააგო. თამაშის შემდეგ ღამე ძალიან რთული გასატარებელია. ვერ ვიხსენებ ერთ მომენტს, მაგრამ კარგად მახსოვს შეგრძნება, რომელიც ყველა ფეხბურთელს გამოუცდია.

- შენი აზრით დანიელებმა რა თვისებების ხარჯზე შექმნეს ასეთი კარგი ქვეყანა?

- სტაბილურობა გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე მოდის. დანიაში, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს, ნაკლებ საშემოსავლოს იხდის, ხოლო ვისაც მეტი შემოსავალი აქვს - მეტ საშემოსავლოს. ბიუჯეტში წასული ფინანსები მოქალაქეებს ხმარდება. ხმარდება მათ, ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება. უნივერსიტეტთა უმრავლესობაში სწავლა უფასოა. განათლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ინტელექტის ასამაღლებლად და გასაცნობიერებლად, რომ მარტო შენს თავზე არ ხარ პასუხისმგებელი. დანიელთა აზრით ქვეყანა დიდი ოჯახია. ცხადია, ნეგატიური მხარეც აქვს. ნეგატიური მხარეა ის, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ დისტანციას იჭერენ. რა თქმა უნდა შეუძლიათ მეგობრობა და ნამდვილი მეგობრებიც არიან, მაგრამ როგორც საქართველოშია, რომ მეგობარი შენი ოჯახის წევრია და ასე შემდეგ, დანიაში ასე არაა, რადგან საშემოსავლოს გადახდა სიკეთედ მიაჩნიათ და სიკეთეს აკეთებენ სხვებისთვის, რაც საკმაოდ ლოგიკურია. საქართველოში ოჯახის წევრებს და სამეგობროს ეხმარები, კარგი ტიპი გამოდიხარ, დანიელები კი ქვეყანაში საერთოდ ყველას ეხმარებიან. ამ ფაქტორების ერთობლიობამ სტაბილურობას ხელი შეუწყო. ვფიქრობ განათლება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

 - კარიერის საუკეთესო გოლი.

- დანიის პირველ ლიგაში ''აბ კოპენჰაგენთან'' გავიტანე. ბურთი აუტიდან ჩამოაწოდეს, შემოვტრიალდი, 3 ფეხბურთელი მოვატყუე და შევაგდე.

- საუკეთესო მატჩი დანიაში.

- დანიის თასზე, თუ არ ვცდები, ''მიდტიულანდთან.'' უთანასწორო ბრძოლაში დავმარცხდით. როგორც მახსოვს წაგებას არ ვიმსახურებდით. სანახაობრივი კუთხით კარგი თამაში გამოვიდა. 

- ბოლოს როდის იმგზავრე საზოგადოებრივი ტრანსპორტით?

- თბილისში ყოფნისას საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავს არ ვარიდებ. გადატვირთული მოძრაობის გამო ხშირად მეტროთი ვმგზავრობ. ორჰუსში, სადაც ვცხოვრობ, მეტრო არ არის, თუმცა ტრამვაი და ავტობუსია. 

- დანიაში პირველად ჩასვლისას, შენი შთაბეჭდილებები როგორი იყო?

-  ორჰუსში პირველად ჩასვლისას ქალაქი ძალიან მომეწონა. ეს ქალაქი ზაფხულში და ზამთარში მკვეთრად განსხვავებულია. როცა ამინდი კარგია, ადამიანები ღია კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში თავს იყრიან და კარგი გარემო იქმნება. ჩემს ქალაქში წყლის პატარა არხია, რომლის გასწვრივ ბარები, ღია კაფეები და რესტორნებია. პირველად ორჰუსში ამ პერიოდში ჩავედი და ძალიან მომეწონა. 

ორკვირიანი სინჯების შემდეგ დანიაში სექტემბერში დავბრუნდი და ცოტა გამიჭირდა, რადგან არავის ვიცნობდი და თავს გამოყოფილად ვგრძნობდი. ქართველი სრულიად სხვა კულტურის ქალაქში აღმოვჩნდი. დანიელი თანაგუნდელების ხუმრობები ოჯახსა თუ სამშობლოზე ჩემთვის მიუღებელი იყო. მათთან დისტანცია დავიჭირე, მაგრამ ნელ-ნელა ჩემი ჭკუის ხალხი მოვძებნე, რამაც ადაპტაცია გამიადვილა. თავიდან ურთიერთობა უცხოელებთან დავიწყე. ჩვენს ქვეყანაში არ ვცხოვრობდით და ამ ფაქტორმა გაგვაერთიანა. 

''ორჰუსში'' ლიბერიელი მეგობარი მყავდა დიო უილიამსი, რომელიც საკმაოდ კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა ხშირი ტრავმების გამო შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა, აქილევსი გაიწყვიტა და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდა. ასევე ვმეგობრობდი ბოსნიელ  სანელ კაპიზიჩთან. მერე ნელ-ნელა დანიელი მეგობრებიც გავიჩინე. ამ პერიოდში გიორგი ფოფხაძე ''ვიბორგში'' თამაშობდა და მას ხშირად ვნახულობდი. ორჰუსიდან ვიბორგი დაახლოებით 1 საათის სავალზეა, ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა გვქონდა, შემდეგ კი ''ორჰუსში'' ჩემთან ერთად გეგა დიასამიძე, ლაშა შინდაგორიძე, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე თამაშობდნენ.

- როცა დანიელებს საქართველოს აცნობ, როგორია პირველი წინადადება?

- საქართველო რუსეთი არ არის.

- საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი.

- დანიაში ახალი ჩასული ვიყავი, ბევრი ნაცნობი არ მყავდა და თავისუფალი დროის სიმცირეს არ განვიცდიდი. მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სურვილი ყოველთვის მქონდა. თავდაპირველად ვფიქრობდი ფორტეპიანოზე, თუმცა მის ყიდვას თავი ავარიდე და გიტარა ვარჩიე. გიტარის სწავლა youtube-ს საშუალებით დავიწყე, შემდეგ კი მასწავლებელი ავიყვანე, თუმცა მხოლოდ 3-4 გაკვეთილი ჩამიტარა. მან მინიმალური ცოდნა მომცა. მასწავლებელს დავუმეგობრდი, ზოგჯერ ვიკრიბებოდით და ერთად ვუკრავდით.

- გიტარაზე ხშირად უკრავ?

- ხშირად ვერ ვახერხებ. გარკვეული პერიოდი ორჰუსის კონსერვატორიაში ქართველი სტუდენტები სწავლობდნენ, მათ შორის დავით სხირტლაძის მეუღლე სალომე ჩიკვაიძე და თორნიკე მარგველაშვილი. მე და თორნიკეს იდენტური მუსიკალური გემოვნება გვქონდა, ერთად ხშირად ვუკრავდით. მაშინ დავიწყე ნიკ ქეივის მოსმენა და ნიკ ქეივს მაგრად ''მივცხეთ,''  ასევე ვუკრავდით Radiohead-სა და Depeche Mode-ს. სერიოზული რეპერტუარი გვქონდა.რაც თორნიკე ორჰუსიდან წავიდა, გიტარაზე იშვიათად ვუკრავ. 

- დანიაში ''ფან-კულტურა'' რამდენად კარგადაა განვითარებული ?

- ძალიან კარგად. მეტ-ნაკლებად ყველა გუნდს სერიოზული ''ფან-კლუბი'' ჰყავს. ცხადია, ''კოპენჰაგენი'' და ''ბრონდბიუ'' ამ მხრივაც გამორჩეულები არიან. მათ მრავალათასიანი ''ფან-კლუბები'' ჰყავთ. დანიაში ორჰუსი სიდიდით მეორე ქალაქია. ნებისმიერ გუნდთან შეხვედრაში საშინაო მატჩებში ყოველთვის კარგი ატმოსფერო იყო ხოლმე.

- სამაგალითო თანაგუნდელი, რომლისგანაც ბევრი ისწავლე.

- მხოლოდ ერთს ვერ დავასახელებ. ყველაზე გამოცდილი მარტინ იორგენსენი იყო. რა თქმა უნდა მისგან რაღაცები ''ავკრიფე,'' საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ სწავლას მარტო კარგი ფეხბურთელისგან არ ვცდილობდი. ვინც საქმეს კარგად ვერ აკეთებს, მასზე დაკვირვებითაც შეიძლება სწავლა. რატომ არის ასე წარუმატებელი ? რატომ არ გამოსდის თამაში? მასზე დაკვირვება ინფორმაციას მაძლევს. სწავლა მხოლოდ კარგისგან არ მინდა. როგორც თავიდან ვახსენეთ, სწორი პასუხის დანახვა მარტივი არ არის. 

- დოკუმენტური ფილმი ''ტრავმა,'' რომელშიც ''ორჰუსის'' ქართველი ფეხბურთელების ცხოვრებაა აღწერილი. მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით ფეხბურთელები ავსებთ ტესტს. რას ემსახურება ამგვარი ტიპის ტესტები?

- პიროვნების კვლევას. ტესტს ქმნის ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთელებისა და სპორტსმენების გარდა კომპანიებთანაც მუშაობს. იმ დროს ეს ტესტი დაგვიანებული იყო. ჩვენს კლუბს  ცუდად წაუვიდა საქმე. ამ ტესტის პასუხებიდან გამომდინარე ფეხბურთელების ფსიქოლოგიური შეფასებები მოახდინეს. ტესტში ძალიან ბევრი კითხვაა, რომ პიროვნების შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ.

- ''ორჰუსში'' ფსიქოლოგთან მუშაობის კულტურა დანერგილი იყო?

- სამწუხაროდ არა, რაც ჩემი აზრით დიდი შეცდომა იყო. თანამედროვე ფეხბურთში ფსიქოლოგი აუცილებელია. დღეს დანიაში და ზოგადად ევროპაში გუნდების უმეტესობას ფსიქოლოგი ჰყავს. ფეხბურთელს დიდ სტრესთან უწევს გამკლავება. ყოველ კვირაში თამაში სტრესია. თამაშისთვის მომზადება, ათასობით ადამიანის წინაშე თამაში და შენი მაქსიმალური შესაძლებლობების ჩვენება ძალიან რთულია.ასეთ დროს დახმარება, მითითებები ძალიან გჭირდება. მეორე მხარეა ტრავმიანობა, როცა ფეხბურთელთა ტრავმიანობა იმატებს, მათი თავდაჯერებულობა კლებულობს. ''ორჰუსში'' ფსიქოლოგის კულტურა არ იყო. ჩემი თავის ფსიქოლოგი თავად ვიყავი. ცხადია, მძიმე პერიოდში მეგობრები გეხმარებიან, მაგრამ ღრმა საკითხებში ვცდილობდი ჩემს თავს თავად მოვრეოდი.

- დანიაში მიიღე მუდმივი საცხოვრებელი. ამ უფლების მისაღებად რა პროცესები გაიარე?

- დანიაში პაუზის გარეშე ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ განცხადებას წერ, ამავდროულად უნდა მუშაობდე, მუდმივი ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად მინიმალურ დონეზე დანიური ენის გამოცდა უნდა ჩააბარო, რის შემდეგაც შენი საბუთები მუშავდება. პასუხი დაახლოებით 7 თვეში მივიღე. მოქალაქეობის მიღების სურვილი არ მაქვს, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა უნდა დავთმო. დანიის მოქალაქეობის მიღება განსაკუთრებულ პრივილეგიებს არ მოიცავს. 

- საყვარელი სტროფი სიმღერიდან.

- სიმართე გითხრა საყვარელი სტროფი არ მაქვს. საყვარელი სიმღერა შეიძლება მქონდეს, მაგრამ სტროფი ნამდვილად არა.

- საყვარელი სიმღერა.

- ამ პერიოდში ნიკ ქეივს ვუსმენ. Nick Cave and the Bad Seeds-ის ალბომზე ვარ გაჩერებული, რომელსაც ასე ჰქვია: No More Shall We Part.

- დანიელი მომღერლებიდან ვის გამოარჩევდი?

    - დანიელებს საკმაოდ კარგი მუსიკალური კულტურა აქვთ. რამდენიმეს გამოვარჩევ: Kashmir, The Floor Is Made of Lava,  D.A.D. და Carpark North.

      - დანიაში წასვლამდე ფრანგულ ''დანკერში'' თამაშობდი. რამდენად რეალური იყო უფრო ძლიერ ფრანგულ კლუბში გადასვლა?

      - ''დანკერი'' საფრანგეთის რეგიონალურ ლიგაში თამაშობდა. მაშინ პატარა ვიყავი, ასაკის გამო პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმების უფლება არ მქონდა. იდეა იყო ის, რომ ცოტა ხანი ''დანკერში'' ვითამაშებდი და შემდეგ სინჯებზე უფრო ძლიერ კლუბში წავიდოდი, თუმცა ტრავმა მივიღე და უკან დავბრუნდი. საუბარი საფრანგეთის უმაღლესი ლიგის გუნდებზე იყო. 

      - ვისი დახმარებით შედგა ტრანსფერი ''ორჰუსში'' ?

      - ''ფონდი არველაძე'' დამეხმარა. შოთა არველაძის აგენტი დანიელი ივან ბენეში იყო, მასთან არველაძეებმა დამაკავშირეს, შემდეგ ''ორჰუსში'' სინჯებზე ჩავედი და დავრჩი.

      - რომელმა ვერშემდგარმა ტრანსფერმა დაგწყვიტა გული?

      - დანიაში თამაშისას საუბარი გერმანულ გუნდებზე იყო, მაკვირდებოდა ბრემენის ''ვერდერი,'' თუმცა ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, საკმაოდ დიდი სახელები ითქვა. ივან ბენეშს გერმანიაში საკმაოდ კარგი კავშირები ჰქონდა. ვფიქრობ ტრანსფერი შედგებოდა, თუმცა მაშინაც ტრავმა მივიღე, უკანა კუნთი გავიწყვიტე და დაახლოებით 3 თვე გამოვტოვე. ამავე სეზონში ''ორჰუსი'' სუპერლიგიდან გავარდა. შემდეგ წელს ''ორჰუსი'' სუპერლიგაში დაბრუნდა, მაგრამ ინტერესი ნაკლები იყო.

      - მოედანზე რა განიჭებდა ყველაზე დიდ სიამოვნებას?

      - ფეხბურთის თამაში ძალიან მსიამოვნებდა. თამაშის პროცესი ძალიან მიყვარს. ცხადია, გოლის გატანა განსაკუთრებული შეგრძნებაა.

       - ფეხბურთის გარდა რომელი სფეროა შენთვის საინტერესო?

      - დაინტერესებული ვარ არაერთი თემით. ბავშვობიდან მოყოლებული მიდრეკილება ფილოსოფიისკენ მაქვს. მომწონს სხვისი აზრების წაკითხვა. კრიტიკული აზროვნებით დაიწყო ფილოსოფიის საგანი, როგორც მეცნიერება. მოკლედ, ინტერესი დავუჭირე. ასევე მაინტერესებს ლიტერატურა. მუსიკაც ჰობის დონეზე მაქვს, მაგრამ ინტერესები პერიოდულად იცვლებიან, ინტერესთა არეალი ფართო მაქვს.

      - სამწვრთნელო კარიერის რომელი საფეხური გაიარე?

      - ბ ლიცენზიის კურსი გავიარე. კარგი ინსტრუქტორები მყავდა. რასაც ვერ გავიგებდი დანიურად, დაწვრილებით მიხსნიდნენ ინგლისურად. ბ ლიცენზიის აღება საკმაოდ მარტივია, რადგან თუ ფეხბურთი გითამაშია და  გამოცდილება დაგიგროვდა, ყველაფერს ადვილად იაზრებ. განსხვავება არის ის, რომ ინტუიტიურად აღარ აზროვნებ და ყოველ ქმედებას თავის სახელს არქმევ.

      ბ ლიცენზიის კურსი საკმაოდ ინტენსიური პროცესია. დილიდან საღამომდე მიმდინარეობს 7  დღის განმავლობაში. ლექციებს ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი პოლ ჰენსენი და მწვრთნელი უფე პედერსენი გვიკითხავდნენ. დანიაში ცნობილი, სახელოვანი საფეხბურთო სპეციალისტები არიან. 

      - რას ურჩევდი დანიაში ჩასულ ტურისტს ?

      - კოპენჰაგენში არის კარგი ტური. ნავით სეირნობ და კოპენჰაგენს ათვალიერებ. საკმაოდ ლამაზი დედაქალაქია.

      - ბავშვობის ოცნება, რომელიც ფეხბურთს არ უკავშირდებოდა.

      - ფეხბურთელობა ყოველთვის მინდოდა და მიზნად დავისახე, ხოლო სხვა რაღაცები დავბლოკე, ოცნების დონეზეც არ დავიტოვე. ფეხბურთის გამო ყველაფერი გვერდით გადავდე, თუმცა ჩემში სწავლისადმი მიდრეკილება თავიდანვე იყო. ინტერესი ისტორიისადმი მქონდა. მე და ჩემს სკოლის მეგობრებს ისტორია ძალიან გვაინტერესებდა. ისტორიის შესწავლა მითოლოგიებით დავიწყეთ, ძველი ბერძნული მითები, ეგვიპტური მითები და ა.შ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურამ საკმაოდ ლამაზი, აზროვანი ისტორიები შექმნა და მხატვრული მხარეც მშვენიერი ჰქონდა. არ ვიცი საბოლოო ჯამში რას ვიზამდით, მაგრამ ინტერესი ნამდვილად გვქონდა.

      - ღმერთის არსებობის შესახებ რომელ მწერალთან ერთად იმსჯელებდი?

      - დოსტოევსკი რომ გითხრა ბანალური პასუხი იქნება. დოსტოევსკისთან არ ვიმსჯელებდი. ძველი ხანის, ანტიკური ხანის ფილოსოფოსთან, ალბათ პლატონთან. როგორც ვიცი პლატონი მორწმუნე იყო, რომელმაც კრიტიკული კითხვები დასვა. 

      - თუ ხელფასი დაგიგვიანეს ერთი თვით, რომელ ნივთს გაყიდი მშრალ ხიდზე?

      - მამას ძალიან სერიოზული ალბომების კოლექცია აქვს, მაგრამ რომ გავყიდო, ალბათ ცუდად გახდება. ალბომებში მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების სურათებია. მამამ ალბომების გაკეთება ბავშვობიდან დაიწყო და დღეს უკვე საკმაოდ სერიოზული კოლექცია აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ კარგად ორგანიზებული ალბომებია, გარკვეული ფასიც უნდა ჰქონდეს.

      - რა შინაარსის საპროტესტო აქციაში მიიღებდი მონაწილეობას ?

      - აქციები ბევრს არაფერს წყვეტს, ალბათ მაინც ალტერნატიულ გზებს გამოვნახავდი. აქციებზე ბევრი ხალხი გამოდის ხოლმე, თუმცა მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არ უსმენენ. ასე რომ უკეთესი ხერხის მოფიქრებას შევეცდებოდი.

      - ბავშვობაში ყველაზე ხშირად რომელ ფილმზე ტიროდი?

      - სამწუხაროდ ფილმზე არასდროს მიტირია (იცინის).

      - რომელი რეჟისორის რომელი ფილმის გადაღების პროცესს დაესწრებოდი?

      - ალბათ გაი რიჩის Snatch-ის.

      - ყველაზე მეტად რომელი მუსიკოსის ხმა გსიამოვნებს?

      - პერიოდს გააჩნია. დღესდღეობით ნიქ ქეივისა და ტომ იორკის.

      - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი?

      - ალბათ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განათლების სისტემა იმდენად დოგმატური აღარ არის.

      - რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან ჩაწერდი ინტერვიუს?

      - სოკრატესთან.

      - თუ იცი ისეთი დანიური სიტყვა ან ჟარგონი, რომელიც როგორც დადებით, ასევე უარყოფით კონტექსტში გამოიყენება?

      - for helvede - ფუ შენი, თუმცა შეიძლება დადებით კონტექსტშიც თქვა და გაოცების გამომხატველი გაგება მისცე - ვააა.

      - შენი ბავშვობის კადრებს რომელ სიმღერას შეუსაბამებდი?

      - ალბათ მხრიარულ სიმღერას. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების თბილისში გავიზარდე, საკმაოდ მხიარული ბავშვობა მქონდა, ბავშვობის წლები კარგად მახსენდება.

      - ყველაზე მეგობრული მწვრთნელი შენს კარიერაში.

      - იესპერ სორენსენი, რომელიც ''ორჰუსში'' პიტერ სორენსენის ასისტენტი იყო.

      - პიტერ სორენსენი დანიაში საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია. როგორ დაახასიათებ მას?

      - იესპერთან შედარებით უფრო მკაცრი და უფრო მომთხოვნია. გიჟის, გადარეულის იმიჯი აქვს, მაგრამ ვფიქრობ იმდენად გიჟი არაა, რამდენადაც თვითონ სურს ამგვარი იმიჯი ჰქონდეს. დიქტატორის როლში ყოფნა მოსწონს. 

       2012 წლის 26 ივლისი, პიტერ სორენსენი და დავით დევდარიანი გორის ''დილასთან'' მატჩისწინა  პრესკონფერენციაზე

        - ყველაზე უცნაური ფოტო საფეხბურთო კარიერიდან.

      - თურქეთში ყოფნისას საქართველოს 17 წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ფოტო გადავიღეთ. სახალისო ფოტო გამოვიდა, რადგან მაშინ მაღალი არ ვიყავი, შემდეგ კი ტანი სწრაფად ავიყარე. ახლა ვუყურებ ფოტოს და ვხედავ ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც იმდენად არ გაიზარდნენ, რამდენადაც მე. უცნაური ფოტოა, რეალობიდან ამოვარდნილი.

      - გეგმავ სტაჟირების გავლას ყოფილ მწვრთნელებთან?

      - დანიაში არაერთ მწვრთნელთან ვიმუშავე და ვფიქრობ სხვადასხვა სტილის მწვრთნელები არიან. მაინტერესებს  განსხვავებული აზრების მოსმენა. გეგმაში მაქვს სტაჟირების გავლა, მაგრამ ჯერჯერობით Rønde Efterskole-ში ვმუშაობ. ა ლიცენზიის აღებისთვის გამოცდილების მიღება აუცილებელია და იმედია გამომივა. გეგმაში ნამდვილად მაქვს.

       ფოტო:  Thomas Nielsen-Grøn,  Claus Fisker, Ole Nielsen, Axel Schütt, Lars Moeller, Claus Bonnerup

      მოამზადა დიმა შარიქაძემ

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები