„დიდი მატჩების ფეხბურთელია“ - Equipe ხვიჩა კვარაცხელიაზე
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. გამოცემის ჟურნალისტი ლოიკ ტანზი წერს, რომ 12 თვეში ხვიჩა ლუის ენრიკეს სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, თავი აარიდა ტრავმებს, თუმცა ობლო პერიოდში დაღლილობა დაეტყო, რის გამოც შესაძლოა მან დიდ მატჩებს მიანიჭოს პრიორიტეტი.
რას წერს გამოცემა:
„როდესაც ლუის კამპუში ტრანსფერებზე და გუნდის მშენებლობაზე საუბრობს, ის ხშირად იყენებს სიტყვა „ფაზლს“. საჭირო ფეხბურთელების მოძებნა, როლების სწორი გადანაწილება და გასაგები იდეების დანერგვა - ეს არის წამყვანი დებულებები, რომლის გარშემოც 2023 წლიდან, კამპუშისა და ლუის ენრიკეს კლუბში მოსვლის დღიდან ვითარდება გუნდი. 2025 წლის იანვარში განხორციელებული ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილი იყო.
კლუბს სურდა, გაეზარდა შემტევი პოტენციალი, თუმცა ამავდროულად, საჭირო იყო იმის განსაზღვრაც, რა გავლენას მოახდენდა ეს ბრედლი ბარკოლაზე. 12 თვის თავზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ფსონმა გაამართლა. „ნაპოლის“ ექსფეხბურთელმა სწრაფად გაიარა ადაპტაცია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ლუის ენრიკესთვის კვარა შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა: 46 მატჩი ძირითადში და 3870 წუთი მოედანზე, 24 წლის ქართველი ფეხბურთელი პარიზელების ყველაზე ხშირად გამოყენებადი შემტევია.
კვარაცხელიას ტრავმები არ ჰქონია, თუმცა მას უკვე ეტყობა დაღლილობა, რომელიც ამდენი მატჩის ჩატარებითაა გამოწვეული. „ლილთან“ მატჩში ენრიკე ფეხბურთელისგან პრესინგში უფრო აქტიურად ჩართვას ითხოვდა, თუმცა შეუძლია თუ არა კვარას ამ ეტაპზე ამის გაკეთება? შემთხვევითობა არაა ის, რომ „სპორტინგთან“ მატჩში ხვიჩა სათადარიგო სკამზე იყო, ხოლო როცა შეცვლაზე შევიდა, პსჟ-ს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ანგარიშიც გაათანაბრა.
ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-თან დებიუტის შემდეგ ხვიჩამ 6 გოლი გაიტანა (საუკეთესო მაჩვენებელი ვიტინიასთან და დეზირე დუესთან ერთად), ხოლო საგოლე მოქმედებების მხრივ ქართველს (10) მხოლოდ უსმან დემბელე უსწრებს (5 გოლი, 6 ასისტი). დაცვაში ხვიჩას თამაში ხშირად ხდება განხილვის საგანი სოციალურ ქსელებში, მაგრამ ქართველი პრესინგის კუთხით პსჟ-ის შემტევებს შორის მეექვსე ადგილზეა. იგივე სიტუაციაა ბურთის დაბრუნების სტატისტიკის მხრივ (საშუალოდ 2.8 მატჩში - მეექვსე შედეგი შემტევებს შორის).
ეს სტატისტიკა შეიძლება აიხსნას იმით, რომ სხვადასხვა მატჩში კვარას განსხვავებული როლები აქვს. ხვიჩა დიდი მატჩების ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მას 3 გოლი აქვს (ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე), თუმცა ეროვნულ ჩემპიონატში 10 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. შესაბამისად, ხვიჩას კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ის უკვე იქცა პარიზული „ფაზლის“ შეუცვლელ ნაწილად იქცა“.
შეგახსენებთ, რომ პსჟ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს - ლუის ენრიკეს გუნდი თბილისის დროით 23:55 საათზე საკუთარ კედლებში „ნიუკასლს“ დაუპირისპირდება.