ახალი შეთავაზება მზადდება - თურქი ჟურნალისტი ზურიკოსა და ტრაბზონსპორზე
„ტრაბზონსპორს“ ზურიკო დავითაშვილის გადაბირებაზე უარი არ უთქვამს და გაუმჯობესებულ შეთავაზებას ამზადებს. ამის შესახებ გამოცემა Sabah-ის ჟურნალისტი იუნუს ემრე სელი იტყობინება.
„ტრაბზონსპორი“, რომლის წინადადებაც „სენტ-ეტიენმა“ რამდენიმე დღის წინ არასაკმარისად მიიჩნია, ფრანგულ კლუბთან ზურიკო დავითაშვილის საკითხზე კონტაქტის დამყარებას ისევ გეგმავს“, - აცხადებს თურქი ჟურნალისტი.
როგორც ცნობილია, სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ მედიამ ზურიკოს სახელი რამდენიმე კლუბს დაუკავშირა, მათ შორის იყო „ტრაბზონსპორიც“. თურქული გამოცემები წერდნენ, რომ „სენტ-ეტიენი“ და „ტრაბზონი“ სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
რა თანხას იხდიდა „ტრაბზონსპორი“ ზურიკოს სანაცვლოდ უცნობია, თუმცა მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია „ოლიმპიაკოსის“ წინანადებაზე, რომელიც დავითაშვილში 10.5 მილიონ ევროს და ბონუსების სახით კიდევ 3 მილიონ ევროს იხდიდა, რამაც „მწვანეები“ არ დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ ფრანგულმა Le10sport-მა დაწერა, რომ ზურიკო დავითაშვილმა „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობასთან ისაუბრა და აცნობა, რომ მიმდინარე ზამთარში კლუბის დატოვებით დაინტერესებული არაა. შეიცვლის თუ არა კლუბს ქართველი ფეხბურთელი, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა ევროპის ქვეყნების უმეტესობაში 2 თებერვალს, თურქეთში კი 6 თებერვალს იხურება.