მარადონა, ბატისტუტა და კანიჯა ნაკრების შანსებსა და იგუაინზე - სამპაოლის უცნაური ტაქტიკა
Aa
Aa

მარადონა, ბატისტუტა და კანიჯა ნაკრების შანსებსა და იგუაინზე - სამპაოლის უცნაური ტაქტიკა

მას შემდეგ რაც არგენტინის ეროვნული ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა დასახელდა საფეხბურთო წრეებში ხორხე სამპაოლის გადაწყვეტილების აქტიური განხილვა მიმდინარეობს.

ჟურნალისტებისა და ექსპერტების მსგავსად, თავიანთი მოსაზრება ვეტერანმა ფეხბურთელებმაც დააფიქსირეს.

არგენტინული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდების პოზიცია ასეთია:

დიეგო არმანდო მარადონა: „ხორხე სამპაოლი იღბლიანი მწვრთნელია. რატომ? თუ, მესი მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება, ასეთ შემთხვევაში ის მწვრთნელის ყველა შეცდომას გადაფარავს და ყველაფერი რიგზე იქნება.

პირდაპირ ვიტყვი, თუ მესი მუნდიალს კარგ ფორმაში შეხვდება, არგენტინას მისი მოგების 60%-ანი შანსი ექნება.

ამის თქმა ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე ცუდად მიდის. საგაზეთო სათაურები ასეთი უნდა იყოს: „რა ხდება მესის შემდეგ? მესის შემდეგ არაფერია“.

ყველაზე დასანანი და გულდასაწყვეტი ის გახლავთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და გვსურდა მეტოქეებს ჩვენი შეშინებოდათ, პატივი ეცათ, თუმცა მესის გარდა ნაკრებში პატივს არავის სცემენ.

ამის იდეალური მაგალითი ნიგერიასთან ბოლოს გამართული ამხანაგური მატჩია, რომელშიც 4-ის ნაცვლად წესით 8 გოლი უნდა გაგვეშვა“.

გაბრიელ ომარ ბატისტუტა: იმ მოსაზრებას ვეთანხმები, რომ იგუაინი არგენტინის ნაკრებში არც, თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ სხვა არავინ არის ისეთი, ვინც მოედანზე მასავით გადაადგილდება.

მე არ მეგულება სხვა ფორვარდი, რომელიც საჯარიმოში იგუაინზე უკეთ იხსნება. ამის თქმა მინდოდა“.

კლაუდიო კანიჯა: „იგუაინი უდაოდ საუკეთესო არგენტინელი ფორვარდია. ის, იკარდისა და აგუეროზე უკეთესია. მესისთან ერთად დიდებულად თამაშობს, რადგან საკმაოდ ტექნიკურია.

მოედანზე შესანიშნავად გადაადგილდება და ბურთსაც კარგად ფლობს. მისი დარტყმა კი მომაკვდინებელია“.

შემადგენლობის დასახელების შემდეგ „ალბისელესტეს“ თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ ნაკრებზე ვრცლად ისაუბრა.

„ჩვენ განაცხადი ძალიან დიდი ანალიზის შემდეგ დავასახელეთ. ყველა პოზიცია გავარჩიეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ.

მაგალითად, ანსალდის ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად შეუძლია ითამაშოს. მესა კი ჩვენ დიდი არჩევანის საშუალებას გვაძლევს. ის ძლიერია ფლანგზე და ასევე მოედნის სიღრმიდანაც.

ლეო მესის ვესაუბრე და დავინახე, თუ რამხელა ენთუზიაზმი აქვს მას. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ის თავს კარგად გრძნობს.

სერხიო აგუერო გუნდთან ერთადაა და ბოლო კვირის განმავლობაში კარგად ვარჯიშობდა.

უკანასკნელმა ვარჯიშებმა დაგვანახა, რომ ერთი ცენტრალური მცველი კიდევ გვჭირდება.

ბურთის კონტროლის დროს ჩვენ 2-3-3-2 ტაქტიკას გამოვიყენებთ. ჩვენი მოთამაშეებით ძალიან კმაყოფილი ვარ და მუნდიალის წინ იმედიანად ვარ განწყობილი.

ჩვენი ოცნება საკმაოდ რეალურია და ის დღითიდღე იზრდება. მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენტუნარიანები ვიქნებით“.

სამპაოლიმ გუნდი უკვე შეკრიბა და მათ პირველი ვარჯიშიც ჩაატარეს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ რომელი ტაქტიკური სქემით ითამაშებს "ალბისელესტე".  ამ კითხვაზე პასუხი ყველას აინტერესებს.

არგენტინის ნაკრებში ერთი ცუდი სიახლეა - ძირითადმა მეკარემ სერხიო რომერომ მუხლის ტრავმა მიიღო და ის რუსეთში ვეღარ გაემგზავრება.

„ალბისელესტეს“ ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ ვილი კაბალიეროს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები