რონალდუ პირველია, ვინც ექვს მუნდიალზე გაიტანა | OPTA-ს საინტერესო ცნობები
2026 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ უზბეკეთი 5:0 გაანადგურა.
მე-6 წუთზე კანსელუს საგოლე პასით კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, მე-17 წუთზე ნუნუ მენდეშმა ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 39-ე წუთზე ბრუნო ფერნანდესის პასით რონალდუმ დუბლი შეასრულა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, მე-60 წუთზე აბდუვახიდ ნემატოვის ავტოგოლი დაფიქსირდა, 87-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა რაფაელ ლეაუმ გაიტანა.
OPTA-ს სტატისტიკური ცნობები აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით
არსებობს სამი ფეხბურთელი, რომლებიც უნიკალურ მიღწევას ფლობენ, ისინი კაცთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე თავიანთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და, ამავდროულად, ყველაზე ასაკოვანი მეგოლეები არიან: მიქაელ ლაუდრუპი (დანია), ლიონელ მესი (არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).
წლევანდელ მუნდიალზე 137 გოლი გავიდა (45 მატჩში), რაც ტურნირის ერთი გათამაშების ჯგუფური ეტაპის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ამით 2014 წლის რეკორდი (136 გოლი 48 მატჩში) დაემხო.
კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს სხვადასხვა მუნდიალზე გაიტანა.
ალ-ნასრის 41 წლის ფორვარდმა ეროვნულ ნაკრებში თავის 229-ე მატჩში 144-ე და 145-ე გოლები გაიტანა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი განაახლა. მეორე ადგილზე მესია, არგენტინელმა „ალბისელესტეს'' შემადგენლობაში 201 მატჩში 122 გოლი შეაგდო.
კრიშტიანუ რონალდუ უზბეკეთის წინააღმდეგ პორტუგალიის სასტარტო შემადგენლობაშია და მსოფლიო ჩემპიონატებზე თავის 24-ე მატჩს ატარებს. მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ლიონელ მესიმ (28) და ლოთარ მათეუსმა (25) ჩაატარეს.
ყველაზე დიდი შუალედი ფეხბურთელის პირველსა და ბოლო გოლს შორის მსოფლიო ჩემპიონატების მთელ ისტორიაში:
რონალდუ – 20 წელი და 11 დღე
მესი – 20 წელი და 11 დღე
კლოზე – 12 წელი და 40 დღე
ლაუდრუპი – 12 წელი და 19 დღე
ოლიჩი – 12 წელი და 13 დღე
პორტუგალიელი ფეხბურთელები, რომლებმაც 2010 წლის შემდეგ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე საჯარიმო დარტყმები შეასრულეს:
კრიშტიანუ რონალდუ - 51 დარტყმა, 1 გოლი
ნუნუ მენდეში - 1 დარტყმა, 1 გოლი
მიგელ ველოზუ - 1 დარტყმა, 0 გოლი
ბრუნუ ფერნანდეში - 1 დარტყმა, 0 გოლი
რაფაელ გერეირუ - 1 დარტყმა, 0 გოლი
კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც უზბეკეთს ორი გოლი გაუტანა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა (41 წლის და 138 დღის), რომელმაც ერთ მატჩში დუბლი შეასრულა.
K ჯგუფის პირველ ტურში პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1:1 ითამაშა, მესამე ტურში რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი კოლუმბიას დაუპირისპირდება (28 ივნისი, 03:30).