''ჩაკვეტაძის შეჩერება არავის შეუძლია'' - ''გენტის'' მწვრთნელი ქართველი ტალანტის შესახებ
საფეხბურთო კლუბ ''გენტის'' შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძემ სადებიუტო სეზონი ჩაატარა. 18 წლის ქართველმა ტალანტმა ბელგიის ჩემპიონატის 18 მატჩში 1 გოლი შეაგდო. ქომაგებს თავი კარგი თამაშით დაამახსოვრა და ეროვნულ ლიგაში თამაშის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში სასარგებლო გამოცდილება მიიღო.
1tv-მ ქართველი ფეხბურთელის შესახებ სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე და ''გენტის'' მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე საუბრობენ. ასევე საკუთარ აზრს გამოთქვამს ჰოლანდიური პსვ-ს ყოფილი ფეხბურთელი გოგა გახოკიძე, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტია და ჩაკვეტაძის ''დინამოდან'' ბელგიურ გუნდში ტრანსფერის განხორციელებაში მონაწილეობდა.
გიორგი ჩაკვეტაძით ''ბაიერნის'' გარდა ''მანჩესტერ იუნაიტედიც'' იყო დაინტერესებული
''გენტში'' კონტრაქტს ხელი 2017 წელს ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის დაწყებამდე მოვაწერე. ბელგიურ გუნდში მეტი სათამაშო დრო მექნებოდა ვიდრე მიუნხენის ''ბაიერნში'' ან ''მანჩესტერ იუნაიტედში'' - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
''პირველად ჩაკვეტაძე ჩემმა მეგობარმა აგენტმა ნახა. მას შემდეგ დაახლოებით 1 წელი გავიდა. ჩვენი მიზანი იყო გიორგის ''გენტთან'' ევროპის ჩემპიონატამდე გაეფორმებინა ხელშეკრულება, რადგან ევროპის ჩემპიონატს ბევრი აგენტი დააკვირდებოდა'' - განაცხადა გენტის ტექნიკურმა დირექტორმა მიშელ ლუვაჟიმ.
გოგა გახოკიძე: ''გიორგისთვის ყურადღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა''
''გენტის'' მთავარი მწვრთნელი: ''მას შეუძლია მოულოდნელად დაუსხლტეს მეტოქეს''
''გიორგი საუკეთესოდ ფორვარდის უკან თამაშობს, მაგრამ ხანდახან საჭიროა დაღლილი ფეხბურთელების შეცვლა ან მათი ვინც თავის მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს. ამდროს ვიცი რომ გიორგის ორივე ფლანგზე ასპარეზობა შეუძლია, მაგრამ მისი საუკეთესო პოზიცია ''ფლეიმეიქერია.'' მას ისეთი რამის გაკეთება შეუძლია, რაც ბევრისთვის შეუძლებელია. მან უნდა იმუშავოს ბევრი, რომ 90 წუთის განმავლობაში ერთ დონეზე ითამაშობს. გიორგის კარგი აჩქარება აქვს, ხანდახან გგონია რომ მეტოქემ ''აიყვანა,'' მაგრამ მეტოქეს იცილებს. მისი შეჩერება არავის შეუძლია'' - ამბობს ''გენტის'' მთავარი მწვრთნელი ივ ვანდერჰაგე.
ჩაკვეტაძის სადებიუტო სეზონი ბელგიაში
თბილისის ''დინამოს'' აღზრდილმა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით ბოლო მატჩი 17 წლის ასაკში ბათუმის ''დინამოსთან'' 2017 წლის 26 აგვისტოს ჩაატარა. 2017-18 წლების სეზონის დასაწყისში თბილისის ''დინამოდან'' ბელგიურ ''გენტში'' გადავიდა. ქართველი ტალანტის დებიუტი ''გენტის'' შემადგენლობაში პირველ ოქტომბერს ''ბრიუგესთან'' შედგა. მთავარმა მწვრთნელმა ნახევარმცველი 82-ე წუთზე ჩართო თამაშში. საერთო ჯამში მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ''გენტის'' რიგებში 18 მატჩში 1 გოლი შეაგდო. სადებიუტო გოლი 2018 წლის 21 იანვარს ''ლოკერენს'' გაუტანა.
