''იმედი მაქვს ფინალში გავიტან'' - სხირტლაძე ''ბრონდბიუს'' წინააღმდეგ
Aa
Aa

''იმედი მაქვს ფინალში გავიტან'' - სხირტლაძე ''ბრონდბიუს'' წინააღმდეგ

დანიის 2017-18 წლების სეზონის დანიის თასის ფინალში ''ბრონდბიუ'' ''სილკებორგს'' შეხვდება. ''სილკებორგის'' შემადგენლობაში დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე ირიცხებიან, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა პიტერ სორენსენმა ვაწაძე განაცხადს მიღმა დატოვა. დღეს, 10 მაისს გასამართი ფინალური შეხვედრის შესახებ crystalsport-ს დავით სხირტლაძე ესაუბრა.

''სამწუხაროდ ბევრი თანაგუნდელი საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება, რადგან ტრავმების გამო ახლახანს დაუბრუნდნენ მინდორს. მიმდინარე სეზონში იყო მომენტები, როცა ვარჯიშზე 15-16 ჯანმრთელი ფეხბურთელი ვიყავით. მოკლედ, სეზონი  ხშირი ტრავმების ფონზე ჩავატარეთ.

''ბრონდბიუს'' მიმდინარე სეზონში სუპერლიგაში გავუტანე. გოლის გატანის შანსი სტანდარტული ვითარებისას გამოვიყენე. ''ბრონდბიუს'' უჭირს სტანდარტული ვითარებისას. ასევე გუნდის ცენტრალური მცველები საკმაოდ მოუქნებელი არიან, სისწრაფე აკლიათ, რითიც შეგვიძლია ვისარგებლოთ. იმედი მაქვს კიდევ მოვახერხებ ''ბრონდბიუს'' კარში გოლის გატანას.

მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში დამაყენა, მათე კი განაცხადში ვერ მოხვდა. 

''პარკენზე'' ჩვენი გუნდის 6 ათასი ქომაგი დაესწრება ფინალურ შეხვედრას'' - დაასრულა ''სილკებორგის'' ლიდერმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლი შეაგდო.

მატჩი დღეს, 10 მაისს თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა კოპენჰაგენში ''პარკენზე'' შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები