მერაბ დვალიშვილი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

ქართველებსა და დაღესტნელებს შორის დაპირისპირების გაღვივებას ცდილობენ | აბდელაზიზის კომენტარი

უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა Instagram-ში ვრცელი პოსტი დაწერა. მისი აზრით, ზოგიერთი ადამიანი ქართველებსა და დაღესტნელებს შორის დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს.

„ბოლო სამმა დღემ ბევრი რამ მასწავლა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან ადამიანები მაშინ, როდესაც სხვები რთულ პერიოდს გადიან. ზოგიერთი ადამიანი ცალკეულ პირებს შორის არსებულ კონფლიქტს იყენებს იმისთვის, რომ ერებს, რელიგიებსა და საზოგადოებებს შორის განხეთქილება ჩამოაგდოს. ასეთი საქციელი სისუსტის გამოვლინებაა.

ჩვენ მუსლიმები ვართ, მაგრამ სხვა აღმსარებლობის ადამიანებისა თუ სხვა ერების მიმართ სიძულვილი არ გვაქვს. ვხედავ, როგორ ცდილობენ ზოგიერთი ადამიანები ქართველებსა და დაღესტნელებს შორის დაპირისპირების გაღვივებას. ორივე მხრიდან ვიცნობ ადამიანებს და მათი უმრავლესობა საუკეთესო ადამიანებს შორისაა, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ.

მჯერა, რომ ძმებს როგორც კარგ, ისე ცუდ დროს გვერდით უნდა დაუდგე და მხარი დაუჭირო. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი ოჯახები და გვერდით დავუდგეთ მათ, ვინც გვიყვარს. მთავარია, როგორ ვიქცევით რთულ მომენტებში. ადამიანები შეცდომებს უშვებენ, ზოგჯერ ემოციებს აყოლილებიც, თუმცა ამ შეცდომებზე შეგვიძლია ვისწავლოთ.

ამჟამად ჩემი რამდენიმე ძმა რთულ პერიოდს გადის. მე კვლავაც მათ გვერდით ვიქნები, მხარს დავუჭერ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც მათ დასახმარებლად შემიძლია. არავის ვუსურვებ ცუდს, მათაც კი, ვისაც ჩემს მტრად მივიჩნევ. იმედი მაქვს, შევძლებთ, მტრობის მიღმა დავტოვოთ ეს ყველაფერი, რადგან ცხოვრება ამაზე არ არის''.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს მიცემის დროს, უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც დაახლოებით რვამდე დაღესტნელმა ორი ქართველისგან სათანადო პასუხი მიიღო. უსმან ნურმაგომედოვსა და მის 5 თანმხლებ პირს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები