ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვთ
2017-18 წლების საფეხბურთო სეზონში შესაძლოა სამი ქართველი ლეგიონერი გახდეს ქვეყნის ჩემპიონი. რუსეთის პრემიერლიგას მოსკოვის ''ლოკომოტივი'' ლიდერობს, სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში პირველ ადგილს ტრნავას ''სპარტაკი'' იკავებს, ხოლო უკრაინის პრემიერლის სატურნირო ცხრილს დონეცკის ''შახტარი'' უდგას სათავეში. გარდა ამისა დანიის თასის ფინალში ''სილკებორგი'' გავიდა, უკრაინის თასის ფინალში კი დონეცკის ''შახტარი.''
მოსკოვის ''ლოკომოტივი'' ლიდერია
2011 წლიდან 26 წლის სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერლიგაში ასპარეზობს, თუმცა ჩემპიონის ტიტული არ მოუპოვებია. მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე იური სიომინის ''ლოკომოტივი'' 57 ქულით ლიდერობს გათამაშებას და 4 ქულით უსწრებს მოსკოვის ''სპარტაკს,'' რომლის წევრი ჯანო ანანიძეა, თუმცა მან ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.
5 მაისს ''ლოკომოტივი'' ''ზენიტს'' უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან რთული იქნება, რადგან ''ზენიტი'' მესამეადგილოსან ცსკა-ს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და რობერტო მანჩინის გუნდს მოტივაცია აქვს. პრემიერლიგის ბოლო ტურში კვერკველიას გუნდი უმოტივაციოა ტულას ''არსენალს'' ესტუმრება.

კვერკველია მიმდინარე სეზონში
სოლომონმა პრემიერლიგის მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა. 27 შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა და ყოველთვის შეუცვლელად თამაშობდა. მის ანგარიშზე 2 გოლია. მან გაუტანა ყოფილ გუნდ ყაზანის ''რუბინსა'' და ტულას ''არსენალს.''
კვერკველიას ტიტულები
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 2012 და 20017 წელს რუსეთის თასი მოიგო.

დონეცკის ''შახტარი'' საუკეთესოა
უკრაინის პრემიერლიგას 69 ქულით დონეცკის ''შახტარი'' ლიდერობს და მხოლოდ 3 ქულით უსწრებს კიევის ''დინამოს.'' ჩემპიონობის დასრულებამდე 3 ტური რჩება. პაულო ფონსეკას გუნდი უახლოეს შეხვედრას ''ზორიასთან'' 5 მაისს ჩაატარებს. გათამაშების დასკვნით მატჩში ''შახტარი'' კიევში ''დინამოს'' შეხვდება და შესაძლოა უკრაინის დედაქალაქში გაირკვეს ჩემპიონის ვინაობა.
უკრაინის თასის ფინალი
9 მაისს უკრაინის თასის ფინალი გაიმართება კიევის ''დინამოსა'' და დონეცკის ''შახტარს'' შორის. მატჩს ''დნიპრო არენა'' უმასპინძლებს.

ხოჭოლავას სადებიუტო სეზონი ''შახტარში''
გასულ ზაფხულში ოდესის ''ჩერნომორეციდან'' დონეცკის ''შახტარში'' გადასულმა 25 წლის მცველმა პრემიერლიგის 13 მატჩში 1 გოლი ''ვერესს'' შეუგდო.

ხოჭოლავას ტიტულები
მისი პირველი ტიტული 2010 წელს რუსთავის ''მეტალურგთან'' ერთად მოგებული საქართველოს სუპერთასია. 2017 წელს ''შახტარის'' შემადგენლობაში უკრაინის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. 2013 წელს თბილისის ''დინამოში'' ასპარეზობისას საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, თუმცა მხოლოდ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 2013 წელს ''დინამომ'' ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს თასის ფინალში გაიმარჯვა.

ფორტუნა ლიგა - ტრნავას ''სპარტაკი'' პირველზეა
სლოვაკეთის ელიტარულ საფეხბურთო ლიგას მთელი სეზონის განმავლობაში ტრნავას ''სპარტაკი'' ლიდერობს, რომელშიც სადებიუტო სეზონს 24 წლის ქართველი ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი ატარებს. ფორტუნა ლიგის საუკეთესო ექვსეულში ''სპარტაკი'' 61 ქულით პირველ ადგილზეა და 7 ქულით უსწრებს დაკ-ს. ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება. 5 მაისს ჭანტურიშვილის გუნდი დაკ-ს მიიღებს. გამარჯვების შემთხვევაში მასპინძლები ჩემპიონობას იზეიმებენ.
ჭანტურიშვილი მიმდინარე სეზონში
უკრაინულ ''ოლექსანდრიაში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა სლოვაკეთის ჩემპიონატის 28 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჭანტურიშვილის ტიტულები
2016 წელს თბილისის ''დინამოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი, თასის მფლობელი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა. საქართველოს თასი ასევე მოიპოვა 2015 წელს, როდესაც ''დინამოში'' პირველ სეზონს ატარებდა.

ქართველები დანიის თასის ფინალში
დანიის თასის ნახევარფინალში ''ფრედერისიასთან'' გამარჯვების შემდეგ ''სილკებორგმა'' ისტორიაში მეორედ შეძლო ფინალში გასვლა. ''სილკებორგის'' შემადგენლობაში ქართველი ფორვარდები მათე ვაწაძე და დავით სხირტლაძე ირიცხებიან. თასის ფინალში ''სილკებორგის'' მეტოქე დანიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ''ბრონდბიუა.'' ფინალური შეხვედრა 10 მაისს კოპენჰაგენში ''პარკენზე'' გაიმართება.

სხირტლაძე და ვაწაძე დანიის თასის მიმდინარე სეზონში
25 წლის დავით სხირტლაძემ დანიის თასზე 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. 25 წლის ფეხბურთელმა ''კიელერუპს,'' ჰიკ-ს და ''ლიუნგბიუს'' გაუტანა.

29 წლის ვაწაძემ დანიის თასზე 4 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა "კიელერუპთან'' დუბლი შეასრულა, ''ჰელერუპთან'' კი 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
ვაწაძისა და სხირტლაძის ტიტულები
მათე ვაწაძემ თბილისის ''დინამოში'' ასპარეზობისას 2009 და 2012 წელს საქართველოს თასი მოიგო. 2016 წელს ''ორჰუსის'' ფეხბურთელი იყო, გუნდი დანიის თასის ფინალში გავიდა, თუმცა ქართველი ფორვარდი გადამწყვეტი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, ''ორჰუსი'' კი სოლბაკენის ''კოპენჰაგენთან'' დამარცხდა. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, მას კარიერაში ტიტული არ მოუპოვებია, თუმცა ''ორჰუსთან'' და ''სილკებორგთან'' ერთად დანიის პირველი დივიზიონიდან სუპერლიგაში აღზევდა.
