ბომბარდირებს შორის გაბედავა გალიდერდა - ''ჩიხურამ'' ''სიონი'' დაამარცხა
ეროვნული ლიგის მე-9 ტურის პირველ შეხვედრაში საჩხერის ''ჩიხურამ'' 2:0 დაამარცხა ბოლნისის ''სიონი.'' საფეხბურთო დაპირისპირება თბილისში, ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე გაიმართა. მიმდინარე სეზონში ''ჩიხურამ'' მე-4 მატჩი მოიგო და ლიდერების მსგავსად 18 ქულა მოაგროვა.
გაბედავას ეფექტური საგოლე პასი - ბუღრიძის მეორე გოლი
მე-11 წუთზე ''სიონის'' ნახევარმცველ ვაჟა ქიქავას გადაცემა ირაკლი ბუღრიძემ ''სიონის'' ნახევარზე ჩაჭრა. ბუღრიძემ ბურთი გაბედავასთან გაითამაშა. გაბედავამ ბრწყინვალე გადაცემა შეასრულა ბუღრიძის მისამართით, რომელმაც ახლო მანძილიდან გაუტანა მუჯრიშვილს.
20 წლის ირაკლი ბუღრიძე თბილისის ''ლოკომოტივიდან'' მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა საჩხერის ''ჩიხურას.'' ახალგაზრდა შემტევმა მე-9 მატჩში მეორე გოლი შეაგდო. მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია.

გაბადევას მე-6 გოლი - საუკეთესო შედეგი ეროვნულ ლიგაში
მე-40 წუთზე მოედნის ცენტრში ვაჟა ქიქავამ არაზუსტი გადაცემა შეასრულა. ამჯერად მისი პასი ირაკლი ლექვთაძემ ჩაჭრა. ლექვთაძის პასის შემდეგ გაბედავა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც მის წინააღმდეგ თამაშის წესი გურამ გიორბელიძემ დაარღვია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, პენალტი კი გაბედავამ შეასრულა და მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა. ამ გოლით 28 წლის შემტევმა ბომბარდირთა დავაში ოთარ კიტეიშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს გაასწრო. ''ჩიხურას'' ფორვარდი ექვსი გოლით საუკეთესო ბომბარდირია.
პოზიციები ეროვნულ ლიგაში
''ჩიხურამ'' 18 ქულა მოაგროვა. ასევე 18 ქულაა ''საბურთალოსა'' და თბილისის ''დინამოს'' ანგარიშზე. ''საბურთალო'' დღეს, პირველ მაისს შეხვდება ''სამტრედიას,'' ხოლო თბილისის ''დინამო'' 2 მაისს გორის ''დილას'' ესტუმრება. მეოთხეადგილოსანი გორის ''დილა'' თბილისის ''დინამოსთან'' გამარჯვების შემთხვევაში 18 ქულას დააგროვებს და თუ ამასთან ერთად ''საბურთალო'' ''სამტრედიასთან'' დამარცხდა, პირველი წრის დასრულების შემდეგ სატურნირო ცხრილში ოთხ თანაბარქულიან ლიდერს ვიხილავთ.

ბოლნისის ''სიონი'' 7 ქულით მე-7 ადგილზეა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ზედიზედ მესამე შეხვედრაში დამარცხდა. თბილისის ''დინამოსთან'' და ქუთაისის ''ტორპედოსთან'' მარცხის შემდეგ ბოლნისურმა გუნდმა ''ჩიხურასთან'' დაკარგა ქულები. ასევე 7 ქულაა მერვეადგილოსან ''კოლხეთის'' ანგარიშზე, რომელიც დღეს, პირველ მაისს ქუთაისის ''ტორპედოს'' ზესტაფონში შეხვდება.

ბოლნისის სიონი - საჩხერის ჩიხურა 0:2(0:2)
1 მაისი, "მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანი
ბოლნისის სიონი: მუჯრიშვილი, ქიქავა, ხმალაძე, ბერიაშვილი(დვალი 63), მანაგაძე(უგულავა 46), სამუშია(გაფრინდაშვილი 56), სიხარულია, გიორბელიძე, მინდორაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე
მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
საჩხერის ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა, ლექვთაძე(ბუხაიძე 76), ბუღრიძე(კახაბრიშვილი 66), კაკუბავა, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: 0:1 ბუღრიძე (11), 0:2 გაბედავა(41 პენ)
გაფრთხილებები: გიორბელიძე(40), სიხარულია(62), ჩიტეიშვილი(70), გაბედავა(74)
მთავარი მსაჯი: პ.მაჭარაძე

სატურნირო ცხრილი მე-8 ტურის შემდეგ

ფოტო: eliga.ge