''მას დავეხმარებით თუ ''იუნაიტედში'' ან ''ევერტონში'' არ წავა'' - კლოპმა ჯერარდზე ისაუბრა
‘‘ლივერპულის’’ 18 წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა კარიერა შესაძლოა შოტლანდიაში გააგრძელოს. ''ლივერპულის'' ლეგენდას მთავარი მწვრთნელის პოსტი გლაზგოს “რეინჯერსმა’’ შესთავაზა. კლუბიდან სტივენ ჯერარდის შესაძლო წასვლის შესახებ “ლივერპულის’’ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა.

“სტივენი იყო, არის და იქნება “ლივერპულის’’ ლეგენდა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც თავად ჩათვლის ისე მოიქცევა. სიმართლე გითხრათ ჯერარდის “რეინჯერსში’’ გადასვლის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ამ თემაზე არავისთან მისაუბრია. სტივენს უდიდესი გამოცდილება აქვს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა გადაწყვიტა. თუ თავად თვლის რომ მთავარი მწვრთნელობისთვის მზადაა, მე წარმატებებს ვუსურვებ. სანამ სტივენი მუშაობას “ევერტონში’’ ან “მანჩესტერ იუნაიტედში, არ დაიწყებს’’, ჩვენ მას ყოველთვის დავეხმარებით'' - განაცხადა გერმანელმა.

ბრიტანული მედიის ცნობით სტივენ ჯერარდს ასისტენტად გარი მაკალისტერი სურს, რომელიც “ლივერპულში’’ მისი თანაგუნდელი იყო. Sportsmail-თან საუბარში მაკალისტერმა მოკლე კომენტარი გააკეთა: ''არ ვაპირებ ამ ეტაპზე რაიმე გითხრათ.''

ამჟამად გლაზგოს ''რეინჯერსს'' გრემ მარტი წვრთნის. შოტლანდიის ჩემპიონატში ''სელტიკი'' 75 ქულით პირველ ადგილზეა.''რეინჯერსი'' 10 ქულით ჩამორჩება ლიდერს და მეორე საფეხურს იკავებს.