„მისი ტრანსფერი გუნდს დიდ ფულს მოუტანს“ | ეგოიანი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ნიდერლანდების ჩემპიონატის, ერედივიზიეს მეხუთე ტურში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ „ვილემ II“ სტუმრად 3:0 დაამარცხა. ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე თამაში ჰქონდა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა.
ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა გამოცემამ, De Telegraaf-მა ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ტოპ 11 ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, მარიო ბეენმა შეადგინა და ეგოიანიც გამოარჩია.
„ირაკლი ეგოიანი მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ „ექსელსიორს“ ლიდერობს. ქართველი ფეხბურთელი გასულ სეზონშიც იმავეს აკეთებდა, მაგრამ ამჯერად ეს უფრო თვალსაჩინოდ გამოსდის. ეგოიანი ყველა ტურში მაღალ დონეზე თამაშობს და მის კრეატიულობას შედეგი მოაქვს. „ვილემ II-თან“ მატჩის შემდეგ მის ანგარიშზე ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემაა. ირაკლი ეგოიანის ტრანსფერი „ექსელსიორს“ დიდ ფულს მოუტანს“, — წერს ბეენი De Telegraaf-ისთვის.
ეგოიანი კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ გამოარჩია. Voetbal International-მა ირაკლი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და დაწერა: „ირაკლი ეგოიანი Voetbal International-ის მიხედვით ტურის საუკეთესო ფეხბურთელია. „ექსელსიორის“ შემტევი ნახევარმცველი ყველაზე სახიფათო და გადამწყვეტი მოთამაშე იყო“.
ცნობისთვის, „ექსელსიორს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილს იკავებს. ეგოიანის გუნდს ერთადერთი მარცხი აქვს — პსვ-სთან წააგო. მისი მომდევნო მეტოქე „ნაიმეგენია“, რომელსაც 8 სექტემბერს დაუპირისპირდება.