ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

„მისი მამა ტიროდა, ირაკლი არასდროს ნებდება“ | ნიდერლანდებში ეგოიანზე ისაუბრეს

ირაკლი ეგოიანმა ერედივიზიეს ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. „ექსელსიორის“ ქართველ ფეხბურთელს ოთხ შეხვედრაში ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ნიდერლანდების ჩემპიონატის გასულ ტურში მისმა გუნდმა „ვილემ II“ 3:0 დაამარცხა, ირაკლიმ კი გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

მატჩის შემდეგ ადგილობრივმა პრესამ ეგოიანი შეაქო. 22 წლის ფეხბურთელზე De Eretribune-შიც ისაუბრეს და „ტვენტეს“ ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა, არნოლდ ბრუგინკმა ირაკლის პირველი ნაბიჯები გაიხსენა. 2017 წელს ეგოიანი „ტვენტეს“ აკადემიაში თამაშობდა და ბრუგინკს კარგად ახსოვს მომენტი, როდესაც კლუბმა მას კონტრაქტი გაუფორმა.

„თუ ვინმე წარმატებას იმსახურებს, ეს ირაკლი ეგოიანია. მახსოვს, „ტვენტეში“ მას ხელშეკრულება გავუფორმეთ და ეს ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული კონტრაქტი იყო, რომლის დადების პრივილეგიაც მქონია.

ზოგადად, ხელშეკრულების გაფორმებისას აგენტებთან, ფეხბურთელის მამებთან ან სხვა ჩართულ პირებთან ხელფასზე და სხვა დეტალებზე ვაჭრობა მიდის ხოლმე, მაგრამ ირაკლისგან მხოლოდ უდიდესი მადლიერება მივიღეთ. კონტრაქტის დადების დროს მისი მამა ტიროდა და ეს დაუვიწყარი მომენტი იყო.

იცით, რა ხელფასი ჰქონდა ჩვენთან გაფორმებული ხელშეკრულებით? თუ სწორად მახსოვს, თვეში 2500 ევრო. ეს „ტვენტეში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება იყო. მოგვიანებით ირაკლი „ვიტესში“ გადავიდა და საკუთარ თავში უდიდესი ინვესტიცია ჩადო. მას საოცარი ხასიათი აქვს და არასდროს ნებდება, რაც, უდავოდ, მისი წარსულის დამსახურებაა. მას უდიდეს პატივს ვცემ“.

ცნობისთვის, „ექსელსიორს“ ოთხი შეხვედრიდან სამი აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებს. ერთადერთი კლუბი, რომელმაც „ექსელსიორი“ დაამარცხა, „პსვ“ გახლავთ. ირაკლი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს, „ნაიმეგენის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილმა ძირითადში პირველად დაიწყო - სევილიამ ქულა აიღო
ქოჩორაშვილმა ძირითადში პირველად დაიწყო - სევილიამ ქულა აიღო