გაუმჯობესებელი პირობები - ენრიკეს ახალი კონტრაქტის დეტალები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშების ტრიუმფატორმა „პარი სენ-ჟერმენმა“ შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა და წლევანდელ სეზონშიც ყველა იმ ტურნირის უპირობო ფავორიტად ითვლება, სადაც მონაწილეობს. მიუხედავად ლიგა 1-ში აღებული მძიმე სტარტისა, „სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა მთავარ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა და ლუის ენრიკესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
აქამდე ამის თაობაზე ნაკლებად კონკრეტული ინფორმაციები ვრცელდებოდა, ახლა კი დეტალები გასაჯაროვდა. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ეკიპის“ ცნობით, თუ აქამდე ენრიკეს ყოველწლიური ხელფასი 12 მილიონს შეადგენდა, ახალი, 2030 წლამდე გათვლილი ხელშეკრულების მიხედვით, მისი ანაზღაურება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა. როგორც ალ-ხელაიფმა განაცხადა, ის ესპანელს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ჯერ კიდევ მაშინ თვლიდა, სანამ სამუშაოდ „სენ-ჟერმენში“ მიიწვევდა, ხოლო ბოლო ორ სეზონში დაფიქსირებულმა შედეგებმა საკუთარი მოსაზრების სისწორეში დაარწმუნა.
ცნობისათვის, ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენს“ 2023 წლიდან ამზადებს და მისი ხელმძღვანელობით დედაქალაქის კლუბმა 13 ტიტული მოიგო. აქვე გეტყვით, რომ მისი მწვრთნელობის პერიოდში ყველა ტურნირზე ჩატარებული 179 მატჩიდან პსჟ-მა 118 მოიგო, 34 ფრედ დაასრულა და 27 წააგო. ამ ეტაპზე კი სამი ტურის შემდეგ ლიგა 1-ში „სენ-ჟერმენი“ 2 ქულით მისთვის უჩვეულო, მეთოთხმეტე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას პარიზელები ჩემპიონთა ლიგაში ჩაატარებენ და პირველ ტურში ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლებენ - თამაში 9 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.