შაჰიდ ხანი - ბიზნესმენი, რომელიც "უემბლის" შეძენას აპირებს
შაჰიდ ხანის ისტორია საკმაოდ შთამბეჭდავია, იგი ამერიკაში 16 წლის ასაკში 500 დოლარით ჩავიდა დღეს კი „უემბლის“ 800 მილიონ ფუნტად ყიდვის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. 67 წლის მილიარდერის საკუთრებში „ჩემპიონშიპის“ ბინადარი „ფულემი“ და ამერიკული ფეხბურთის გუნდი „ჯექსონვილ იაგუარსიც“ არიან. პაკისტანელი „Forbes”-ის რეიტინგით მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 217-ე ადგილს იკავებს.

ხანი პაკისტანში, ლაჰორში დაიბადა. დედამისი, ზაკია მათემატიკის პროფესორი იყო, ხოლო მამამისი ციფრულ ტექნიკას და დაკვირვების აპარატურას ყიდდა.
ხანი, მშობლების გავლენის შედეგად, ბავშვობაშივე ბიზნესით დაინტერესდა და საკმაოდ წარმატებული სტარტიც ჰქონდა. იგი რადიოებს აწყობდა და შემდეგ ყიდდა, ხანდახან მეგობრებს კომიქსების წაკითხვის სანაცვლოდ ფულს ახდევინებდა.
შაჰიდი სპორტზე ბავშვობიდანვე გიჟდებოდა, იგი ხშირად კრიკეტის სათამაშოდ ლაჰორას მოედანზე დადიოდა. საინტერესოა, რომ ხანს და მამამისს მატჩებზე დასასწრები ბილეთებისთვის ფული არცერთხელ დაუხარჯავთ და სტადიონზე მხოლოდ მაშინ შედიოდნენ, როდესაც დასწრება თავისუფალი იყო.
16 წლის ასაკში ხანი ამერიკაში ჩავიდა და ილინოისის უნივერსიტეტში მექანიკური ინჟინერიის სწავლა დაიწყო. შაჰიდს ანგარიშზე სულ რაღაც 500 დოლარი ჰქონდა, საიდანაც 2 დოლარი ყოველდღიურად საცხოვრებელში მიდიოდა. საბოლოოდ 16 წლის მოზარდმა გადაწყვიტა სამსახური ეპოვა და მისი პირველი სამუშაო ჭურჭლის მრეცხავობა აღმოჩნდა. ხანი საათში 1.2 დოლარს გამოიმუშავებდა. მოგვიანებით პაკისტანელმა კარიერა “FLEX-N-GATE“-ში განაგრძო, 13 წლის შემდეგ კი აღნიშნული ფირმა 800000 დოლარად იყიდა.

საწყის ეტაპზე ხანის კომპანია „ტოიოტას“ ინოვაციურ ბამპერებს უშვებდა, 1980-იან წლებში იაპონური მანქანების ნაწილებზე მოთხოვნა გაიზარდა. 1989-ისთვის კი შაჰიდის კომპანია ბამპერების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებლად იქცა.
2012 წელს „Forbes”-ის ინფორმაციით FLEX-N-GATE“-ს მსოფლიოს მასშტაბით 60 ქარხანას ფლობს, სადაც 24000-მდე ადამიანია დასაქმებული, კომპანიის წლიური ბრუნვა 3.5 მილიარდს შეადგენს.
ხანი ახდენილი ამერიკული ოცნების იდეალური მაგალითია.
1991 წელს შაჰიდი ამერიკის მოქალაქე გახდა, თუმცა ბავშვობის ოცნების ასრულების პირველი მცდელობა მხოლოდ 2010 წელს ჰქონდა. შაჰიდს ამერიკული ფეხბურთის გუნდის „სენტ ლუის რემსის“ ყიდვა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. 2012 წელს ხანმა მიზანს მაინც მიაღწია და 770 მილიონად „ჯექსონვილ იაგუარსი“ შეისყიდა. საწყის ეტაპზე „ჯექსონვილი“ საშინლად გამოიყურებოდა, თუმცა ბოლო წლებში „იაგუარსმა“ სერიოზული პროგრესი განიცადა და შარშანდელ სეზონში ფლეი-ოფის პირველი შეხვედრაც მოიგო.

ხანის სპორტული ამბიციები ამერიკული ფეხბურთის გუნდის შეძენით არ დასრულებულა. 2013 წელს მან ინგლისური კლუბი „ფულემი“ შეიძინა. ზუსტი თანხა არ დასახელებულა, თუმცა როგორც ვარაუდობენ ფასი 150-დან 200 მილიონამდე მერყეობდა. „ფულემის“ შესყიდვის შემდეგ ხანმა განაცხადა, რომ მისი მიზანი კლუბის „პრემიერლიგაში“ დატოვება და ისეთი ისტორიის შექმნა იყო, რომლითაც შთამომავლები იამაყებენ.თუმცა „ფულემს“ მალევე სერიოზული პრობლემები შეექმნა და გუნდი „ჩემპიონშიპში“ დაქვეითდა.

ინგლისის რიგით მეორე დივიზიონშიც არაფერი შეცვლილა და „კოტეჯერები“ ძირითადად „ჩემპიონშიპში“ დასარჩენად იბრძოდნენ. საბოლოოდ გუნდში სლავისა იოკანოვიჩის დანიშვნის შემდეგ 2017 წლების სეზონი საუკეთესო ექვსეულში დაასრულა, ხოლო წელს შანსი აქვს „პრემიერლიგის“ საგზური მოიპოვოს.
რაც შეეხება ხანს, იგი კვლავ აგრძელებს საკუთარი ფინანსური რესურსების გაზრდაზე ზრუნვას. 2016 წელს შაჰიდმა 225 მილიონად შეფასებული 4 სასტუმრო იყიდა. „Forbes”-ის მიხედვით მისი ქონება 7.2 მილიარდ დოლარს აღწევს. ხანი 140 მილიონიან იახტას და 3 თვითმფრინავს ფლობს.

შაჰიდი ქველმოქმედებითაც გამოირჩევა, 2011 წელს მან ილინოისის უნივერსიტეტს 10 მილიონი დოლარი გადაურიცხა.