„ტოპ-ხუთეული უნდა შევანგრიო, ჰოლოუეი მომეცით“ - პარნასმა ხმაურიანად დაიწყო.
სალაჰ-დინ პარნასის დებიუტი UFC-ში იმაზე წარმატებული გამოდგა, ვიდრე თავად წარმოიდგენდა. მაროკოული წარმოშობის 28 წლის ფრანგმა მებრძოლმა მსუბუქი წონითი დივიზიონის შეხვედრაში დენ ჰუკერი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, რითაც კიდევ ერთხელ ყველას მიანიშნა, რომ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად არის მისული. ბრძოლის დასრულების შემდეგ კი ხმაურიანი კომენტარი გააკეთა და მაქს ჰოლოუეიც გამოიწვია.
სალაჰ-დინ პარნასი
მე მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი ვარ - უბრალოდ საუკეთესო. ველოდი თუ არა მოწინააღმდეგის დაფინიშებას? რა თქმა უნდა, მე ხომ ბრძოლების უმეტესობას ნოკაუტებით ვიგებ. რა იქნება შემდეგში? ტოპ-ხუთეული უნდა შევანგრიო. ისე კი, ჩემი ოცნება მაქს ჰოლოუეისთან ჩხუბია, ის ლეგენდაა, ყველაფერს მიაღწია - BMF-ის ქამარი, ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი. მასთან დაპირისპირება საინტერესო იქნება.
შეგახსენებთ, რომ კარიერის მანძილზე გამართული 26 ბრძოლიდან სალაჰ-დინ პარნასმა 24 მოიგო, საიდანაც თავის სასარგებლოდ 9 ნოკაუტით, 7 საბმიშენით და 8 მსაჯების გადაწყვეტილებით დაასრულა. ორი მარცხიდან კი ერთხელ მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო, ერთ შემთხვევაში კი ნოკაუტში გაგზავნეს.