„ფულს თუ მომცემენ, ფეხბურთსაც ვითამაშებ“ - ჩიმაევს დაბრუნება უნდა
ხამზატ ჩიმაევის მომდევნო ბრძოლა UFC-ში სატიტულო არ იქნება - მართალია ყოველივე ეს შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ, მაგრამ უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საშუალო წონის ჩემპიონის ტიტულს შონ სტრიკლენდი არა „ბორზთან“, არამედ ნასურდინ იმავოვთან დაიცავს. რაც შეეხება ჩიმაევს, მან ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ყველა საკითხზე საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა.
ხამზატ ჩიმაევი
MMA-ში დიდი პაუზის აღება არ მინდოდა, გამოწვევა ჩემს წონაში ყველა შესაძლო მეტოქეს გავუგზავნე, რადგან ოქტაგონში ოქტომბერში დაბრუნება მსურს, მაგრამ ბრძოლას არავინ თანხმდება. სტრიკლენდთან თავს დამარცხებულად არ მივიჩნევ, წაგებული ხარ მხოლოდ მაშინ, როდესაც გალიაში ეცემი, მე კი გაყოფილი გადაწყვეტილებით დავმარცხდი. ვაპირებ თუ არა ქვემძიმე წონაში ასვლას? არავითარ შემთხვევაში, ჯერ საშუალო დივიზიონში საქმეები არ დამისრულებია.
შეიცვალა თუ არა რამე ჩემს ცხოვრებაში? არა, ბოლო ხუთი წელია ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ჩემი ოჯახის წევრების გამოკვებაზე ვზრუნავ. მგელი ისევ მგელია და მე მონადირის ინსტიქტი მაქვს. თუმცა, ფულს თუ გადამიხდიან, მზად ვარ ფეხბურთიც ვითამაშო. რუსეთის ნაკრებში სიამოვნებით ვიასპარეზებდი, „ახმატში“ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
ცნობისათვის, ხამზატ ჩიმაევმა კარიერაში პირველი მარცხი მაისში შონ სტრიკლენდთან იწვნია, სადაც მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო. საერთო ჯამში კარიერაში გამართული 16 ჩხუბიდან კი 15 მოიგო, აქედან 6-ჯერ ნოკაუტით, 6-ჯერ საბმიშენით, 3-ჯერ კი მსაჯების გადაწყვეტილებით დაასრულა შეხვედრა.