„თუ იანი მერაბს მოუგებს, სატიტულო ჩხუბს ომალი მიიღებს“ - უმარ ნურმაგომედოვი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე ნომერი, უმარ ნურმაგომედოვი რამდენიმე დღეში მორიგ ჩხუბს გამართავს, მისი მეტოქე კი რეიტინგის მე-6 ნომერი ჩინელი სონგ იადონგი იქნება.
მედიადღის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე უმარს ჰკითხეს, ვინ უნდა იყოს სატიტულო ჩხუბის მთავარი პრეტენდენტი და ვინ უნდა შეხვდეს მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის გამარჯვებულს.
„პირველ რიგში, მოგება მინდა. ვფიქრობ თუ არა ფინიშზე? მთავარია, მოვიგო, მაგრამ თუ ასეთი შესაძლებლობა იქნება, შევეცდები, ვადამდე დავასრულო ჩხუბი.
მეც და სონგ იადონგიც ქამრისთვის ბრძოლის პრეტენდენტები ვართ, მაგრამ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ მოიგებს სატიტულო ჩხუბს. თუ პიოტრ იანი ქამარს შეინარჩუნებს, ვფიქრობ, შონ ომალი მასთან რემატჩს მიიღებს.
შევცვალე თუ არა რაიმე ჩხუბისთვის მომზადების მხრივ მერაბ დვალიშვილთან წაგების შემდეგ? მოგებული ბრძოლების შემდეგაც კი მე ყოველთვის ვცდილობ, დავხვეწო ჩემი უნარები და უკეთესი მებრძოლი გავხდე“.
ცნობისთვის, იადონგი-ნურმაგომედოვის ორთაბრძოლა შანხაიში გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. ჩინელი მებრძოლის ანგარიშზე 23 მოგება და 9 მარცხია, ხოლო უმარ ნურმაგომედოვის კარიერაში 20 მოგებასთან ერთად მხოლოდ 1 მარცხია - მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ჩხუბში.