''გასახდელი დავანგრიეთ, გამარჯვება სიმღერით აღვნიშნეთ'' - ინტერვიუ დავით სხირტლაძესთან
Aa
Aa

''გასახდელი დავანგრიეთ, გამარჯვება სიმღერით აღვნიშნეთ'' - ინტერვიუ დავით სხირტლაძესთან

დანიის საფეხბურთო თასის ნახევარფინალში ''სილკებორგმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''ფრედერისია.'' გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ ითამაშა, რომელიც 88-ე წუთზე შეცვალეს. ''სილკებორგის'' მაისურით არ უთამაშია მათე ვაწაძეს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

''სილკებორგი'' დანიის თასის ფინალში ''მიდტიულანდსა'' და ''ბრონდბიუს'' შორის გამარჯვებულს შეხვდება. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შემდეგ დავით სხირტლაძე crystalsport-ს ესაუბრა.

გამარჯვება ნახევარფინალში

თამაშს ვაკონტროლებდით და ბევრი მომენტი შევქმენით. განსაკუთრებით კარგად პირველ ტაიმში გამოვიყურებოდით. გოლის შემდეგ აქცენტი შედეგზე გავაკეთეთ და თამაში კონტრშეტევაზე ვცადეთ. მატჩი 4-4-2 სათამაშო სქემით დავიწყეთ, გოლის გატანის შემდეგ კი გადავეწყვეთ და 4-5-1-ზე გადავედით. მიუხედავად იმისა, რომ “ფრედერისია’’ რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. ნახევარფინალამდე “ფრედერისიამ’’ სუპერლიგის ორი გუნდი დაამარცხა. აქედან გამომდინარე ამ მატჩს ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ.

ქართველები დანიის თასის ფინალში - ''სილკებორგმა'' ისტორიული შედეგი გაიმეორა

კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი

გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს კარიერაში ''ფრედერისიასთან'' შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ფინალში არასდროს მითამაშია და მოგებით ძალიან გახარებული ვარ. კოჭის ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა გამიჭირდა. კოჭი ახლაც მაწუხებს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ გასულ მატჩებში ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენე. “ფრედერისიასთან’’ ერთ მომენტში მარცხენა ფეხით ბურთი კარის ძელს გავარტყი. გარდა ამისა ჩემს წინააღმდეგ მეტოქის საჯარიმოში თამაშის წესი დაირღვა. პენალტი ნამდვილად იყო, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

გამარჯვების შემდეგ

გასახდელი დავანგრიეთ. ტრადიციულად სიმღერით აღვნიშნეთ გამარჯვება. ორშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, სუპერლიგაში “ორჰუსს’’ ვხვდებით და ამ მატჩზე უნდა გადავერთოთ.

 

მიზანი მიმდინარე სეზონში

სეზონის დაწყებისას თასის გათამაშების ფინალში გასვლა არ დაგვიგეგმავს. როდესაც მეოთხედფინალში გავედით, ფინალში გასვლა რეალურად მივიჩნიეთ. საბედნიეროდ მიზანს მივაღწიეთ და თუ ფინალშიც გავიმარჯვებთ ''სილკებორგის'' ისტორიაში უდიდესი წარმატება იქნება. ''სილკებორგმა'' ფინალში 2001 წელს ითამაშა, თუმცა დამარცხდა. იმედი მაქვს მეორე ცდაზე კლუბი ტიტულს მოიპოვებს.

ფინალური მატჩი

ფინალში “მიდტიულანდს’’ ან “ბრონდბიუს’’ შევხვდებით. ორივე გუნდთან მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში. პირადად ჩემთვის უმჯობესია “ბრონდბიუსთან’’ თამაში, რადგან ბევრად ძლიერი ქომაგთა გუნდი ჰყავს და სტადიონზე უფრო კარგი ატმოსფერო იქნება.

შეხვედრა ყოფილ მწვრთნელ იესპერ სორენსენთან

“ფრედერისიას’’ მთავარი მწვრთნელი იესპერ სორენსენია. მასთან ერთად დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე “ორჰუსში.’’ მატჩამდე შევხვდი იესპერ სორენსენს, მოვიკითხეთ ერთმანეთი. იესპერის გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. დანიური გუნდებისთვის არ არის დამახასიათებელი მოკლე პასებით თამაში. “ფრედერისია’’ მეტწილად მოკლე პასებით გადის ფონს. ფეხბურთელები ერთმანეთს კარგ ეხსნებიან და თავისუფალ სივრცეებს მაქსიმალურად იყენებენ. შეხვედრა ძალიან რთული გამოვიდა.

სუპერლიგაში დარჩენის შანსი

ვთვლი რომ ყველა კონკურენტზე ძლიერი გუნდი გვყავს, რაზეც ფინალში გასვლაც მეტყველებს. ვფიქრობ სუპერლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ და შემდეგ სეზონშიც ელიტაში ვითამაშებთ.

მიმდინარე სეზონში დავით სხირტლაძემ დანიის თასზე 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. 25 წლის ფეხბურთელმა ''კიელერუპს,'' ჰიკ-ს და ''ლიუნგბიუს'' გაუტანა. 

2010-13 წლებში ''ორჰუსის'' მთავარი მწვრთნელი პიტერ სორენსენი იყო, რომელიც ამჟამად ''სილკებორგს'' ხელმძღვანელობს. 2010-13 წლებში პიტერს ასისტენტობას იესპერ სორენსენი უწევდა, რომელიც 2015 წლიდან ''ფრედერისიას'' მთავარი მწვრთნელია. აღნიშნულ პერიოდში დავით სხირტლაძე ''ორჰუსში'' ასპარეზობდა და სორენსენებთან მუშაობდა.

2012 წლის 26 ივლისს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თემურ შალამბერიძის გორის ''დილამ'' ''მიხეილ მესხზე'' 3:1 დაამარცხა სორენსენების გაწვრთნილი ''ორჰუსი.'' ქართულმა გუნდმა ორჰუსში 2:1 მოიგო და ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა. აღნიშნული მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა ''დილას'' ფორვარდმა მათე ვაწაძემ, ხუთი გოლიდან სამი ვაწაძის ანგარიშზე იყო, მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა ტრანსფერი ''ორჰუსში.''  ვაწაძე ამჟამად სხირტლაძესთან ერთად ''სილკებორგში'' ასპარეზობს.

მოამზადა დიმა შარიქაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები